Belive

მსოფლიო ჩემპიონატი 2026 | დღე III - ტატამზე 3 ქართველს ვიხილავთ

12 საათის წინ ქართული სპორტი
3 წთ

2026 წლის ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი ვაჟთა შორის 39-ე, ხოლო ქალთა შორის 30-ე გათამაშება იქნება. ტურნირი გაიმართება აზერბაიჯანში, ბაქოს ტანვარჯიშის ეროვნულ არენაზე, 2026 წლის 4-დან 11 ოქტომბრის ჩათვლით.

განვლილი 2 საშეჯიბრო დღის შემდეგ, საქართველოს ნაკრების ანგარიშზე 1 ბრინჯაოს მედალია, რომელიც გიორგი სარდალაშვილმა მოიპოვა.

სამწუხაროდ მეორე საშეჯიბრო დღე ქართველთათვის წარუმატებელი გამოდგა, რადგან პირველივე ეტაპზე ასპარეზობას გამოეთიშა ვაჟა მარგველაშვილი.

წინ მესამე საშეჯიბრო დღეა, სადაც ტატამზე ქართული ძიუდოს ლეგენდებს - ლაშა შავდათუაშვილსა და ეთერ ლიპარტელიანს ვიხილავთ, ასევე ტატამზე გამოვა ნინო ლოლაძეც.

დღე III - პრევიუ

73 კგ

საქართველოს ნაკრების ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ და ტიტულოვან წევრს, ლაშა შავდათუაშვილს, მსოფლიო ჩემპიონატზე საკმაოდ ხელსაყრელი წილისყრა ერგო. ქართველი ფალავანი A ბადეშია განთესილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ტურნირს მეორე ეტაპიდან დაიწყებს და კოსოვოელ და ირლანდიელ სპორტსმენებს შორის გამარჯვებულს დაელოდება. თუმცა, სიმშვიდის საფუძველი ნაკლებია - შავდათუაშვილის ბადის მხარეს ისეთი სერიოზული ოპონენტები არიან თავმოყრილი, როგორებიც არიან იაპონელი - რიუჯა ტანაკა, ტაჯიკი - მუჰიდინ ასადულოევი და ბულგარელი - მარკ ჰრისტოვი.

57 კგ

რაც შეეხება ქალთა ნაკრების ლიდერსა და მოქმედ მსოფლიო ჩემპიონს, ეთერ ლიპარტელიანს, ის A ბადის სათავეშია განთესილი და ტურნირში მეორე წრიდან ჩაერთვება, სადაც ურუგვაელ მაია ლეოპოლდს დაუპირისპირდება. ეთოს ბადე საკმაოდ კომფორტულად გამოიყურება და ძიუდოს ექსპერტების შეფასებით, მას ნახევარფინალამდე მისვლა არ უნდა გაუჭირდეს. 1/2-ფინალურ ეტაპზე კი მისი სავარაუდო მეტოქეები გერმანელი სეია ბალჰაუზი ან ისრაელის წარმომადგენელი ტიმნა ნელსონ ლევი იქნებიან.

გაცილებით მძიმე და უშეღავათო ბრძოლები ელოდება ახალგაზრდა ნინო ლოლაძეს. წილისყრამ ნინო ურთულეს ჯგუფში მოახვედრა, სადაც პირველივე შეხვედრაში უძლიერეს იაპონელ - აკარი ოომორის შეხვდება. ამ უმძიმეს წინააღმდეგობასთან ერთად, ლოლაძის ბადის მხარეს კიდევ ერთი ტიტულოვანი იაპონელი - მომო ტამაოკი იმყოფება. ასეთ კონკურენციაში წარმატების მიღწევა ნინოსგან მაქსიმალურ მობილიზებასა და ხასიათის გამოვლენას მოითხოვს.

წინასწარი დაპირისპირებები თბილისის დროით 10:30 საათზე აიღებს სტარტს, ფინალური ბლოკი კი 18:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები