Belive

მსოფლიო ჩემპიონატი 2026 | დღე II - ტატამზე ვაჟა მარგველაშვილი გამოვა

1 დღის წინ სხვა
2 წთ

2026 წლის ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი ვაჟთა შორის 39-ე, ხოლო ქალთა შორის 30-ე გათამაშება იქნება. ტურნირი გაიმართება აზერბაიჯანში, ბაქოს ტანვარჯიშის ეროვნულ არენაზე, 2026 წლის 4-დან 11 ოქტომბრის ჩათვლით.

ძიუდოს მოყვარულთათვის ყველაზე საინტერესო და ნანატრი დღეები დაიწყო - მსოფლიო ჩემპიონატის პირველ საშეჯიბრო დღეს, საქართველოს ნაკრებმა პირველი მედალი (ბრინჯაოს სინჯის) მოიპოვა, რომელიც გიორგი სარდალაშვილის ანგარიშზეა.

ამ გამარჯვებით, გიორგი სარდალაშვილმა 23 წლის ასაკში მსოფლიო პირველობაზე მესამე კარიერული მედალი მოიპოვა (ოქრო, ბრინჯაო და ბრინჯაო).

წინ მეორე საშეჯიბრო დღეა, სადაც საქართველოს ნაკრების ღირსებას, 2-გზის ევროპის ჩემპიონი და მსოფლიო ჩემპიონატების 2-გზის ბრინჯაოს პრიზიორი - ვაჟა მარგველაშვილი დაიცავს.

სიტუაციას ისიც ართულებს, რომ ვაჟა ამჯერად განუთესავია, რაც იმას ნიშნავს, რომ ასპარეზობას პირველივე წრიდან დაიწყებს. ქართველი ძიუდოისტის პირველი მეტოქე აზერბაიჯანის წარმომადგენელი ნიზამი იმრანოვი იქნება.

ამ ბარიერის წარმატებით გადალახვის შემთხვევაში კი, მომდევნო ეტაპზე მარგველაშვილს უხერხული მეტოქე, რუსი - რამაზან აბდულაევი ელოდება.

აზერბაიჯანულ-რუსული ბარიერების გარდა, მარგველაშვილის ბადის მხარეს ამ წონითი კატეგორიის ერთ-ერთი გამორჩეული წევრები, მონღოლი - ბასხუ იონდონპერენლეი და ესპანეთის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი - დავიდ გარსია ტორნე მოხვდნენ. ორივე სპორტსმენი უმაღლესი კლასის ჭიდაობით ხასიათდება და ნებისმიერი ტურნირის ფავორიტთა შორის მოიაზრება.

ასეთი მჭიდრო და ტიტულოვანი კონკურენციის მიუხედავად, ვაჟა მარგველაშვილს უდიდესი საერთაშორისო გამოცდილება უმაგრებს ზურგს. ქართველ გულშემატკივარს კარგად ახსოვს მისი ბრძოლისუნარიანობა და ტაქტიკური ოსტატობა - ვაჟას არაერთხელ დაუმტკიცებია, რომ ყველაზე რთულ წილისყრასა და უხერხულ მეტოქეებთან გამკლავება თავისუფლად შეუძლია.

წინასწარი დაპირისპირებები თბილისის დროით 10:00 საათზე აიღებს სტარტს, ფინალური ბლოკი კი 18:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები