ისტორიული გამარჯვება | ევრობასკეტი მოქმედი ჩემპიონის დამარცხებით გავხსენით
საქართველოს საკალათბურთო ნაკრები უმთავრეს ევროპულ ტურნირზე ზედიზედ მეექვსედ თამაშობს - 'ჯვაროსნები' ევრობასკეტ 2025-ზე დღეს ოფიციალურად ჩაერთნენ და გახსნითი მატჩი ბოლო პერიოდში ტრადიციულ მეტოქესთან - ესპანეთთან ისტორიული გამარჯვებით დავიწყეთ.
ქართველმა კალათბურთელებმა ევრობასკეტის მოქმედ გამარჯვებულთან 14 ქულიანი სხვაობით 83:69 გაიმარჯვეს - აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მიუხედავად ჯანმრთელობის პრობლემებისა, მატჩში მონაწილეობის მიღება მაინც შეძლო საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ.
ქართველმა კალათბურთელებმა პირველი მეოთხედი მოიგეს, მათ მეტოქე 20:17 დაამარცხეს. მეოთხედის დასრულებამდე 2 წუთით ადრე ესპანეთთან 10-ქულიანი გაქცევა გვქონდა, თუმცა მეოთხედი 3 ქულის სხაობით მოვიგეთ - ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მეტოქე პირველ მეოთხედში ჩვენზე წინ არცერთხელ არ გასულა.
მეორე მეოთხედის პირველ 2 წუთში ესპანელებს ჯარიმების ლიმიტი ამოვაწურინეთ, რაც მეორე მეოთხედში უფრო თამამად თამაშში დაგვეხმარა და ბევრისთვის სენსაციურად, მოქმედ ევროპის ჩემპიონთან პირველი ტაიმი 37:35 მოვუგეთ.
პირველ ტაიმში საქართველოს ნაკრებს დუდა სანაძემ 11 ქულით ულიდერა, 8-8 ქულა ჰქონდათ გოგა ბითაძესა და სანდრო მამუკელაშვილს, 6 ქულა კამარ ბოლდუინმა ჩააგდო, ხოლო 4-ქულით გამოიჩინა თავი ნაკრების კაპიტანმა - თორნიკე შენგელიამ.
მეორე ტაიმის სტარზე, კვლავ ბრწყინვალე კალათბურთი ვაჩვენეთ, რაც ქულებშიც აისახა და მეტოქესთან 8 ქულიანი გაქცევა გვქონდა, თუმცა ეს უპირატესობა გამოცდილმა ესპანელებმა აღმოფხვრეს, რის შემდეგაც მათზე კიდევ ერთხელ 10-ქულით წინ გავედით - საბოლოოდ მესამე მეოთხედიც მოვიგეთ და ბოლო მეოთხედს +8 ქულით შევხვდით.
ბოლო და გადამწყვეტ მეოთხედში, ესპანელებმა ძალიან ხისტად დაიწყეს და სხვაობა 3 ქულამდე შეამცირეს, თუმცა მატჩის დასრულებამდე 5 წუთით ადრე +9 გვქონდა. საბოლოოდ მატჩი ძალიან დრამატული გამოდგა და საქართველოს ნაკრებმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა - მოქმედი ევროპის ჩემპიონი დავამარცხეთ და ევრობასკეტი გამარჯვებით დავიწყეთ, რაც იმას ნიშნავს, რომ პლეი-ოფში თამაშს ძალიან მივუახლოვდით.
I მეოთხედი | საქართველო 20:17 ესპანეთი
II მეოთხედი | საქართველო 17:18 ესპანეთი
III მეოთხედი | საქართველო 20:14 ესპანეთი
IV მეოთხედი | საქართველო 26:20 ესპანეთი
საქართველოს ნაკრებს კი სანდრო მამუკელაშვილმა ულიდერა, რომლის ანგარიშზეც: 19 ქულა, 7 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემა იყო.
ასევე ბრწყინვალე მატჩი ჰქონდა გოგა ბითაძეს - რომელმაც 15 ქულას მოუყარა თავი, 13 ქულა ჩააგდო თორნიკე შენგელიამ, 12 კამარ ბოლდუინმა, 11 დუდა სანაძემ, 7 ბექა ბურჯანაძემ, 4 გიორგი შერმადინმა, ხოლო 2 ქულა დააგროვა რატი ანდრონიკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ევრობასკეტის ჯგუფურ ეტაპზე კიდევ - იტალიის, საბერძნეთის, კვიპროსისა და ბოსნიის წინააღმდეგ ითამაშებს.
ჩვენი ნაკრები შემდეგ მატჩს 30 აგვისტოს, იტალიის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი თბილისის დროით 16:00 საათზე აიღებს სტარტს.