Belive

ვახტანგ ლოლუა: "ამ ქამარს და ოქროს მედალს ნუგზარ წურწუმიას საფლავზე მივიტან"

2 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე (ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში), ქართველმა ფალავნებმა, 2 მედალი მოიპოვეს. 18 წლის - ვახტანგ ლოლუა (55 კგ) მსოფლიო ჩემპიონი გახდა, გელა ბოლქვაძე კი (82 კგ) ვერცხლისმედალოსანია.

ლოლუამ ასპარეზობა 1/8 ფინალიდან დაიწყო და ჩინელ მეტოქეს 9:1 სძლია. მეოთხედფინალში რუმინელის დენის მიაი 3:2 დაამარცხა, ხოლო ნახევარფინალში თურქ მუჰამეტ ჩაქირს (2:2) ბოლო აღებული ქულით მოუგო. ფინალში მისი მეტოქე ირანელი, აჰმადი ბალოტაკი იყო, რომელსაც ულამაზეს სტილში (9:7) მოუგო და 18 წლის ასაკში მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.

შეჯიბრის შემდეგ, ვახტანგ ლოლუამ პირველი და ძალიან ემოციური კომენტარი გააკეთა.

"დიდი მადლობა თითოეულ ადამიანს, ვინც გვერდში მედგა და მგულშემატკივრობდა.

ფინალში ჩემი მეტოქე ვინც იყო, ის ძალიან კარგი სპორტსმენია, მან ამ წონითი კატეგორიის მთავარი ფავორიტი გააგდო, ძაან კარგი ბიჭია და ასაკობრივ ნაკრებებში მსოფლიო ჩემპიონია.

როდესაც გადამწყვეტი ბრძოლაა, სპორტსმენმა ყველაფერი უნდა ჩადო იმისათვის, რომ შენს ქვეყანაში გამარჯვებული ჩახვიდე - მე ვიცოდი, რომ საქართველოში ყველა ძალიან მელოდა, ყველა ტელეფონებსა და კომპიუტერებში უყურებდა ჩემს ფინალურ დაპირისპირებას, შეუძლებელი იყო რომ წამეგო, ამის უფლება უბრალოდ არ მქონდა.

მომავალ შეჯიბრებზეც ყველაფერს გავაკეთებ, რომ ნებისმიერი ტურნირიდან ამავე სინჯის მედლები ჩამოვიტანო საქართველოში.

რას გავაკეთებ პირველს როდესაც სამშობლოში დავბრუნდები?! - ჩემპიონის ქამარს ამ წონითი კატეგორიის ფავორიტის - ნუგზარ წურწუმიას საფლავზე მივიტან, რადგან მისმა სულმა იქ გაიხაროს" - ვახტანგ ლოლუა

აღსანიშნავია, რომ ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში (55 კგ) ბოლოს, მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს მედალი, 2019 წელს, ნუგზარ წურწუმიამ მოიპოვა - 6 წლის შემდეგ, კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ვახტანგ ლოლუა დადგა, რომელიც თითუეულ გამარჯვებას სწორედ წურწუმიას უძღვნიდა (ნუგზარ წურწუმია 2024 წელს გარდაიცვალა).

სხვა სტატიები