Belive

ლენარტ კარლი: "არანაირი რეალი - ჩემპიონთა ლიგა ჩვენ უნდა მოვიგოთ"

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩემპიონთა ლიგა გადამწვეტ ფაზაში შედის და წინ 1/4-ფინალური დაპირისპირებებია, სადაც ძალიან კარგი და დაძაბული შეხვედრების მოლოდინია.

ერთ-ერთი მთავარი მატჩი მადრიდში შედგება, სადაც 'სამეფო კლუბი' მიუნხენის ბაიერნს დაუპირისპირდება.

პრინციპული დაპირისპირების წინ, მიუნხენის ბაიერნის ამომავალმა ვარსკვლავმა - ლენარტ კარლმა ისაუბრა.

"მადრიდის რეალზე საუბრისას შეუძლებელია არ აღნიშნო ის უდიდესი პატივისცემა, რომელსაც ეს კლუბი თავისი ისტორიითა და ტრადიციებით იმსახურებს. მათ აქვთ განსაკუთრებული აურა, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ჰიმნის გაჟღერებისთანავე იგრძნობა. ჩემნაირი ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის სამეფო კლუბის წინააღმდეგ თამაში ყოველთვის დიდი გამოწვევა და ამავდროულად აღიარებაა, რადგან ხვდები სპორტის უმაღლეს მწვერვალს.

თუ რეალის შემადგენლობიდან ყველაზე სახიფათო მოთამაშეს გამოვყოფთ, ჩემთვის ეს უდავოდ ვინისიუსია. მისი სისწრაფე, დრიბლინგი და მომენტის არაფრისგან შექმნის უნარი ბრაზილიელს მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად აქცევს. დაცვაში მაქსიმალური კონცენტრაცია დაგვჭირდება, რადგან ვინისიუსს შეუძლია მატჩის ბედი ერთ ეპიზოდში გადაწყვიტოს, რაც არაერთხელ დაუმტკიცებია.

რაც შეეხება ბაიერნს, ვფიქრობ, ახლა საოცარ ფორმაში ვართ. გუნდში საოცარი ქიმიაა, ფიზიკურად და მენტალურად თავს ძალიან ძლიერად ვგრძნობთ. ამ ეტაპზე დარწმუნებული ვარ, რომ ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეგვიძლია, მიუხედავად მათი სახელისა თუ სტატუსისა. ჩვენი სათამაშო სტილი და დისციპლინა საშუალებას გვაძლევს, მოედანზე დომინანტები ვიყოთ.

ჩემი აზრით, წელს ბაიერნი ჩემპიონთა ლიგის უპირველესი ფავორიტია. ჩვენ არ ვუფრთხით პასუხისმგებლობას და მზად ვართ, ეს სტატუსი მოედანზე დავამტკიცოთ. გვაქვს ყველა რესურსი იმისთვის, რომ ევროპის მწვერვალზე დავბრუნდეთ და ამ გზაზე უკან არაფერზე დავიხევთ. ჩვენი მიზნები მაქსიმალურია და სხვა შედეგს არ განვიხილავთ.

ბევრი საუბრობს სანტიაგო ბერნაბეუს სიმძიმეზე, მაგრამ ჩვენ იქ სწორედ იმისთვის მივდივართ, რომ საკუთარი ძალა ვაჩვენოთ. ჩვენი ამბიცია მხოლოდ მოგებაა და მზად ვართ, მადრიდშიც დავამტკიცოთ, რომ მიმდინარე სეზონში საუკეთესოები ვართ. გვსურს, რომ გულშემატკივარს დავანახოთ, რომ ეს რეკორდმაისტერის წელია და ბერნაბეუზე გამარჯვება ამის საუკეთესო დასტური იქნება." - ლენარტ კარლი

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს, ლენარტ კარლმა ისაუბრა იმის შესახებ, რომ მისი ოცნება 'სამეფო კლუბში' თამაშია, რის გამოც შემდეგ საჯაროდ ბოდიში მოიხადა.

რეალისა და ბაიერნის მატჩი 7 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები