"2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი კასაბლანკაში გაიმართება" - მაროკოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი
2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გადამწყვეტ, ფინალურ მატჩს კასაბლანკა უმასპინძლებს - ამის შესახებ მაროკოს სამეფო ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ფოუზი ლეკჯაამ განაცხადა, რასაც ესპანური საინფორმაციო სააგენტო 'EFE' ავრცელებს. მიუხედავად იმისა, რომ ფიფას ფინალის ჩატარების ზუსტი ადგილი ოფიციალურად ჯერ არ გამოუცხადებია, ესპანეთსა და მაროკოს შორის პლანეტის უმთავრესი საფეხბურთო ფორუმის მასპინძლობისთვის უმწვავესი დავა მიმდინარეობს.
„ბენსლიმანის პროვინციას ექნება პატივი, უმასპინძლოს 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს,“ - ციტირებს 'EFE' ფოუზი ლეკჯაას სიტყვებს, რომელიც მან ქალაქ ბუზნიკაში გამართულ პოლიტიკურ ღონისძიებაზე წარმოთქვა. ბენსლიმანი კასაბლანკადან 60 კილომეტრში მდებარეობს - სწორედ იქ მიმდინარეობს 1 მილიარდი დოლარის ღირებულების „ჰასან II-ის“ სახელობის სუპერთანამედროვე სტადიონის მშენებლობა. 115,000 მაყურებელზე გათვლილი არენა ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ მსოფლიოში უდიდესი საფეხბურთო სტადიონი გახდება.
🚨El PRESIDENTE de la FEDERACIÓN MARROQUÍ afirma que ACOGERÁN la FINAL del MUNDIAL 2030:
— El Chiringuito TV (@elchiringuitotv) September 10, 2026
🇲🇦 “La provincia de Benslimán (Casablanca) es la sede de la final del Mundial 2030.” pic.twitter.com/06SihqCVGj
2030 წლის მუნდიალი სრულიად უნიკალური მოვლენა იქნება საფეხბურთო ისტორიაში, რადგან ტურნირის მატჩები პირველად ჩატარდება სამ კონტინენტზე, ექვს სხვადასხვა ქვეყანაში. საწყის სამ შეხვედრას არგენტინა, პარაგვაი და ურუგვაი უმასპინძლებენ, რის შემდეგაც ტურნირი ევროპასა და აფრიკაში გადაინაცვლებს და ძირითადი მატჩები მაროკოში, პორტუგალიასა და ესპანეთში გაიმართება.
ფიფას მასპინძელი ქალაქების საბოლოო სია ჯერ არ შეუდგენია, თუმცა ფინალური შეხვედრის მიღება ესპანეთსა და მაროკოს ერთნაირად სურთ. „ფინალს ესპანეთმა უნდა უმასპინძლოს,“ - განაცხადა მიმდინარე თვის დასაწყისში ესპანეთის ფეხბურთის სამეფო ფედერაციის პრეზიდენტმა, რააფაელ ლუზანმა. თავის მხრივ, მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ აგვისტოში გავრცელებულ ცნობებს, თითქოს ჯანი ინფანტინომ ფინალი მაროკოს უკვე აღუთქვა, „მცდარი და შეცდომაში შემყვანი“ უწოდა.