სპორტსმენობიდან მწვრთნელობამდე | შალვა მამუკაშვილმა 35 წლის ასაკში სარაგბო კარიერა დაასრულა
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და შავი ლომის კვაჭმა - შალვა მამუკაშვილმა, 35 წლის ასაკში სარაგბო კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო.
შალვა მამუკაშვილი ცენტურიონი (100+ მატჩი) ქართველი მორაგბეა, რომელიც ეროვნულ ნაკრებში 2011 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ, საქართველოს ნაკრების მუდმივი წევრი იყო. მას საქართველოს ნაკრებში 103 მატჩი აქვს ჩატარებული, სადაც თავი ლელოთი 12-ჯერ გამოიჩინა.
ვეტერან ქართველს მრავალ გუნდში უთამაშია - მისი სარაგბო კარიერა თბილისში, კერძოდ კი სარაგბო კლუბ ყოჩებში დაიწყო, საიდანაც არმიაში გადავიდა, შემდეგ კი უკვე ლეგიონერად მოგვევლინა და ისეთ კლუბებში ითამაშა, როგორიცაა: სეილ შარკსი (ინგლისი); გლაზგო უორიორსი (შოტლანდია); მონპელიე, ტულონი და კარკასონი (საფრანგეთი), შემდეგ კი კვლავ სამშობლოში დაბრუნდა 1 სეზონი და ლოკომოტივის ფორმა მოირგო, ამის შემდეგ იყო ენისეი (რუსეთი), საიდანაც ინგლისს მიაშურა და ლესტერ ტაიგერსში გადავიდა, მას შემდეგ იგი სამშობლოში, კერძოდ კი ახლადშექმნილ ქართულ ფრენჩაიზში შავ ლომში ჩამოვიდა და მას შემდეგ ამ გუნდის ღირსებას იცავდა.
აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს ისტორიაში სულ 7 ცენტურიონი ჰყავს, საიდანაც ერთ-ერთი შალვა მამუკაშვილია.
გიორგი ჩხაიძე
მერაბ შარიქაძე
დავით კაჭარავა
მერაბ კვირიკაშვილი
სანდრო თოდუა
ლაშა მალაღურაძე
შალვა მამუკაშვილი
აქვე ცნობილი ხდება, რომ პროფესიონალური რაგბიდან წასვლის შემდეგ, ცენტურიონი შალვა მამუკაშვილი 18-წლამდე ნაკრების შერკინების მწვრთნელი გახდა და იგი მის გამოცდილებას ახალგაზრდებს გაუზიარებს.