ცივი შხაპი გამოსაფხიზლებლად - პორტუგალიამ საქართველო სამეფო ტახტიდან ჩამოაგდო
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების 43-მატჩიანი წაუგებელი სერია რაგბი ევროპის ჩემპიონატზე დასრულდა. ბორჯღალოსნები მადრიდში გამართულ ფინალში პორტუგალიასთან 17:19 დამარცხდნენ.
რაგბი ევროპის ჩემპიონატის ზედიზედ რვაგზის ტრიუმფატორმა საქართველომ წლევანდელი გათამაშებაც გამარჯვებებით დაიწყო, მაგრამ ეს სერია არ ყოფილა ისეთივე დომინანტური და ხარისხობრივად გამართული, როგორც წარსულში...
შესაბამისად, ქართული რაგბის სტაჟიანი გულშემატკივრისთვის პორტუგალიასთან ფინალში მარცხი მოულოდნელი ნამდვილად არ ყოფილა. მეტიც, გულშემატკივრების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს მარცხი არის იმ რეგრესის ლოგიკური დაგვირგვინება, რომელშიც ქართული რაგბი იმყოფება. ჩვენი ნაკრების სათამაშო სტილს ბევრი კრიტიკოსი ჰყავს - მაშინ, როდესაც პორტუგალია და ესპანეთი მუდმივად ცდილობენ, რომ თანამედროვე რაგბს ფეხი აუწყონ და რაც შეიძლება მეტი ითამაშონ ხელით, ჩვენი ნაკრები რიგ შემთხვევაში ძველ და კარგად ნაცად ხერხს მიმართავს, რაც აღარ მუშაობს. რაც არ უნდა ძლიერი შერკინება გყავდეს, დაბალანსებული ხაზის გარეშე თამაშს ვეღარ მოიგებ.
ძირითადი აქცენტი ხაზზე, სისწრაფეზე, ხელით თამაშსა და შეტევის ისეთ ასპექტებზე კეთდება, რაც ძალიან დასახვეწი გვაქვს და რისი გამოსწორებაც ამ დრომდე ვერ ხერხდება. ცალკე აღნიშვნის ღირსია, დისციპლინა და მოედანზე მიღებული გადაწყვეტილებები. 2-3 ფაზის შემდეგ შევდივართ ჩიხში, სადაც იძულებული ვართ ფეხით ვითამაშოთ, ეს კი შესაბამისი წნეხის დადებისა და ახურვის გარეშე, უბრალოდ მეტოქისთვის ბურთის გადაბარებაა და არაფერი სხვა... ამ ყველაფერს საბავშვო და საფესტივალო ასაკიდანვე სწორი მიდგომა და სწავლება სჭირდება, რათა მოგვიანებით ასაკობრივ და ეროვნულ ნაკრებში კონკურენცია და თამაშის ხარისხი მნიშვნელოვნად გაიზარდოს.
🇵🇹 THEY HAVE DONE IT!!!!! pic.twitter.com/Dn8xmJQItA
— Rugby Europe (@rugby_europe) March 15, 2026
"სიმართლე, რომ ვთქვათ ამის მიღება ძალიან რთულია - რადგან დიდი ხანია ასეთი მარცხის გემო არ გვიგრძვნია. შეიძლება სწორედ დღესაა ის დღე, როდესაც ეს უნდა გვეგრძნო. შესაძლოა მოვიდა დრო, როცა საკუთარ თავს სარკეში უნდა ჩავყედოთ და გავაანალიზოთ სამუშაო, რომელიც გავწიეთ" - ბექა გორგაძე.
რთულია არ დაეთანხმო ისეთ გამოცდილ მორაგბეს, როგორიცაა ბექა გორგაძე - იქნებ ასეთი უხარისხო თამაშით ტურნირის მოგებას და ილუზიის შექმნას, რომ კვლავ დაუმარცხებლები ვართ, წაგება და ცივი შხაპის მიღება ჯობდა?! საჭიროა დროულად ვაღიაროთ რეგრესი, რომელსაც განვიცდით და მივიღოთ შესაბამისი ზომები, რათა საბოლოოდ რუმინეთის მდგომარეობაში არ აღმოვჩნდეთ.
გაკვეთილი, რომელიც ამ მარცხისგან უნდა მივიღოთ ქართული რაგბის მომავალს განაპირობებს, ამიტომ ზუსტად ახლაა დრო, როდესაც რაგბის კავშირმა ძირეული ცვლილებები უნდა განახორციელოს!