Belive

ბორჯღალოსნების შემადგენლობა რაგბი ევროპის 1/2-ფინალისთვის

17 საათის წინ რაგბი
2 წთ

რაგბი ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრები ნახევარფინალში რუმინეთს დაუპირისპირდება. 21 თებერვალს, ბორჯღალოსნებმა ესპანეთის ნაკრები დაამარცხეს და საკუთარ ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს, მეორე ჯგუფის გადამწყვეტ შეხვედრაში კი პორტუგალიამ რუმინეთი გაანადგურა (44:7) და ნახევარფინალში, როგორც მეორეადგილოსანი, რუმინეთი ჩვენ გვერგო.

საქართველოს ეროვნული ნაკრების დროებითმა მწვრთნელმა - მარკო ბორტოლამიმ საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა.

შემადგენლობა რუმინეთთან მატჩისთვის

ორი კვირის წინ ესპანეთთან 42:30 გამარჯვების შემდეგ, 23-კაციან განაცხადში 7 ცვლილება და ერთი გადაადგილებაა. ოთარ მეტრეველმა და დავით ნინიაშვილმა ადგილები გაცვალეს და მეტრეველი თამაშს ფულბეკად, ნინიაშვილი კი ფრთაზე დაიწყებს. 9 ნომრის პოზიციაზე ბრუნდება ვასილ ლობჟანიძე, რომელიც 103-ე სანაკრებო თამაშს ჩაატარებს და ამ მაჩვენებლით გაუტოლდება შალვა მამუკაშვილს, ხოლო ცენტრში გიორგი კვესელაძეს თორნიკე კახოიძე შეცვლის.

მგეზავად თამაშს კვლავ თედო აბჟანდაძე დაიწყებს. ცენტრში და ფრთაზე სასტარტოში არიან დემურ თაფლაძე და აკაკი ტაბუცაძე.

ორი ცვლილებაა შერკინების ხაზში. ბურჯის პოზიციაზე ბრუნდება გიორგი მელიქიძე, ხოლო მესამე ხაზში ილია სპანდერაშვილი. ექვსი მოთამაშე კვლავ დამწყებთა შორის არიან: ბურჯი გიორგი ახალაძე, კვაჭი ვანო კარკაძე, მეორეხაზელები - მიხეილ ბაბუნაშვილი და ლადო ჩაჩანიძე, გუნდის კაპიტანი ბექა საღინაძე და შერკინების შემკვრელი თორნიკე ჯალაღონია.

მარქაფაში დებიუტანტი შიოშვილის გარდა, გამოჩნდნენ მესამეხაზელი იოანე იაშაღაშვილი და 9 ნომერი მიხეილ ალანია, რომელიც მარკო ბორტოლამის რაზმში პირველადაა. რუმინეთთან მარქაფაში ექვსი მორკინალი გვეყოლება. კვლავ შეცვლაზე არიან კვაჭი ნიკოლოზ სუთიძე, ბურჯები ლუკა გოგინავა და ბაჩუკი ჭუმბაძე, მეორეხაზელი გიორგი ჯავახია და მგეზავი ლუკა მატკავა.

2026 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალური შეხვედრა, 8 მარტს 15:00 საათზე გაიმართება.

სხვა სტატიები