ფეხბურთის შემდეგ რაგბიც - არაბულ ქვეყნებს მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობა სურთ
საუდის არაბეთი, კატარი და არაბთა გაერთიანებული საამიროები სურვილს გამოთქვამენ, რომ 2035 წლის რაგბის მსოფლიო თასს ერთობლივად უმასპინძლონ.
ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც რაგბის მსოფლიო თასი ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში ჩატარდება, თუმცა გლობალური ტურნირის მასპინძლობის პრეცედენტი 2022 წელს შეიქმნა, როდესაც კატარში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართა.
აღსანიშნავია, რომ მასპინძლობის მსურველი სამეულიდან, რაგბის მსოფლიო თასზე არცერთს უთამაშია. არაბთა გაერთიანებული საამიროები მსოფლიო რაგბის რეიტინგში 48-ე , კატარი კი 87-ე ადგილზე იმყოფებიან, ხოლო საუდის არაბეთი რეიტინგის 118 მონაწილეს შორისაც კი არაა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მასპინძლობის უფლების მიღების შემთხვევაში, მსოფლიო რაგბის წესდებასა და საკვალიფიკაციო ეტაპში მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელება მოუწევს. ცვლილება შეეხება რაგბის მსოფლიო თასის გამართვის პერიოდსაც და მატჩები დიდი ალბათობით ზამთარში ჩატარდება.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ინიციატივას აზიის რაგბის გაერთიანება მხარს უჭერს.
ჩვენს ლიდერებს არაბულ ქვეყნებში სჯერათ, რომ არაფერია შეუძლებელი. ვფიქრობ, ტურნირის 2035 წელს მასპინძლობა შესაძლებელია. ვემხრობი იმ იდეას, რომ რაგბის მსოფლიო თასს რამდენიმე ქვეყანამ უმასპინძლოს.
ეს იქნება ახალი და წარმატებული მოდელი რაგბისთვის. არაბთა გაერთიანებული საამიროები, კატარი და საუდის არაბეთი იდეალური ვარიანტია. რატომაც არა? ამ ქვეყნებში სტადიონები უკვე მზადაა და ყველა პირობაა იმისთვის, რომ რაგბის ისტორიაში საუკეთესო ტურნირი გაიმართოს. - ქაიშ ალ დალაი.
შეგახსენებთ, 2027 წლის რაგბის მსოფლიო თასის მასპინძელი ავსტრალიაა, ხოლო 2031 წლის მსოფლიო თასი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიმართება.