რაგბის მსოფლიო თასი 2027 | ბორჯღალოსნები რთულ ჯგუფში მოხვდნენ
2027 წლის რაგბის მსოფლიო თასის წილისყრა 3 დეკემბერს, სიდნეიში გაიმართა და ცნობილი გახდა, თუ რომელ ჯგუფში ითამაშებს საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები და ვინ იქნება ბორჯღალოსნების მეტოქე.
რამდენიმე წუთის წინ დასრულებული წილისყრით გადაწყდა, რომ ბორჯღალოსნები B-ჯგუფში ითამაშებენ, სადაც სამხრეთ აფრიკას, იტალიასა და რუმინეთს დაუპირისპირდებიან.
ჩვენი ნაკრები წილისყრამდე რეიტინგის მე-13 პოზიციაზე იმყოფებოდა და სწორედ ამიტომ მე-3 კალათში იყო განთესილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯგუფში გარანტირებულად გვეყოლებოდა ტიერ 1-ის ორი წარმომადგენელი და მხოლოდ ერთი მონაწილე მე-4 კალათიდან.
Pool draw done for #RugbyWorldCup 2027 in Australia, with the #Springboks in Pool B with Italy, Georgia, and Romania 👍#ForeverGreenForeverGold pic.twitter.com/OpUIFdGP4u
— Springboks (@Springboks) December 3, 2025
2027 წლის რაგბის მსოფლიო თასი 1 ოქტომბრიდან 13 ნოემბრის ჩათვლით, ავსტრალიაში გაიმართება. კონტინენტზე მსოფლიოს საუკეთესო 24 ნაკრები მოიყრის თავს და უილიამ ვებ ელისის თასისთვის იბრძოლებს. აღსანიშნავია, რომ ტურნირი განახლებული ფორმატით ჩატარდება და ორგანიზატორები არაერთ სანახაობრივ დაპირისპირებას გვპირდებიან.
გასულ მსოფლიო თასებზე 20 ნაკრები ასპარეზობდა. მონაწილეები 4 ხუთგუნდიან ჯგუფში იყვნენ გადანაწილებული და ქვეჯგუფების საუკეთესო 2 გუნდი 1/4-ფინალში გადაიოდა. 2027 წელს, ფორმატი რადიკალურად იცვლება - 24 მონაწილე 6 ოთხგუნდიან ჯგუფში განაწილდება, საიდანაც პირველ და მეორე ადგილოსნები და 4 საუკეთესო მესამეადგილოსანი 1/16-ფინალში გავა.
რაგბის მსოფლიო თასზე მონაწილე 24 ნაკრები
საფრანგეთი, ახალი ზელანდია, იტალია, ირლანდია, სამხრეთ აფრიკა, შოტლანდია, უელსი, ფიჯი, ავსტრალია, ინგლისი, არგენტინა, იაპონია, საქართველო, ესპანეთი, რუმინეთი, პორტუგალია, ტონგა, კანადა, აშშ, ურუგვაი, ჩილე, ზიმბაბვე, ჰონ კონგი, სამოა.
წილისყრაზე კალათებში განთესვა
პირველი: სამხრეთ აფრიკა, ახალი ზელანდია, ინგლისი, ირლანდია, საფრანგეთი, არგენტინა.
მეორე: ავსტრალია, ფიჯი, შოტლანდია, იტალია, უელსი, იაპონია.
მესამე: საქართველო, ურუგვაი, ესპანეთი, აშშ, ჩილე, ტონგა.
მეოთხე: სამოა, პორტუგალია, რუმინეთი, ჰონგ კონგი, ზიმბაბვე, კანადა.
მსოფლიო თასის ჯგუფები
A-ჯგუფი: ახალი ზელანდია, ავსტრალია, ჩილე, ჰონგ კონგი.
B-ჯგუფი: სამხრეთ აფრიკა, იტალია, საქართველო, რუმინეთი.
C-ჯგუფი: არგენტინა, ფიჯი, ესპანეთი, კანადა.
D-ჯგუფი: ირლანდია, შოტლანდია, ურუგვაი, პორტუგალია.
E-ჯგუფი: საფრნგეთი, იაპონია, აშშ, სამოა.
F-ჯგუფი: ინგლისი, უელსი, ტონგა, ზიმბაბვე.
შეგახსენებთ, რომ 2027 წლის რაგბის მსოფლიო თასი 1 ოქტომბერს დაიწყება და 13 ნოემბერს ფინალური დაპირისპირებით დასრულდება. მთავარ ფავორიტად კვლავ ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ტიტანები - სამხრეთ აფრიკა და ახალი ზელანდია მიიჩნევიან, თუმცა სარაგბო მიმომხილველები "დარქჰორსად" ინგლისს ასახელებენ.
ეს არის ზედიზედ მეშვიდე მსოფლიო თასი, რომელზეც საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ითამაშებს. ბორჯღალოსნებმა საუკეთესო შედეგი 2015 წელს დააფიქსირეს, როდესაც ჯგუფში 2 თამაშის მოგება (ტონგა, ნამიბია) შეძლეს.