Belive

ვილი სანიოლი: "მსოფლიოს ჩემპიონატამდე გრძელი გზა გვაქვს, ამიტომ ბევრი ფეხბურთელი დაგვჭირდება"

6 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

2025 წლის საწყისი ამხანაგური მატჩების წინ, საქართველოს ნაკრების მწვრთნელი, ვილი სანიოლი მოახლოებული შეხვედრების, განახლებული შემადგენლობისა და სხვა საინტერესო თემების შესახებ მედიისათვის გამართულ პრესკონფერენციაზე საუბრობს.

"მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევზე საკმაოდ რთულ ჯგუფში მოვხვდით. მიუხედავად იმისა, რომ ევრო 2024-ზე ვითამაშეთ, რთული ჯგუფი გველოდება. ესპანეთის ნაკრები ამჟამად მსოფლიოში ალბათ საუკეთესო ნაკრებია. ბრძოლა მეორე ადგილისთვის გაიმართება და ვფიქრობ, რეალური შანსი გვექნება, ისევე როგორც თურქეთსა და ბულგარეთს. საშინაო კედლებში, მხურვალე მხარდაჭერის იმედით, შანსი ნამდვილად გვექნება.

გურამ კაშია გასული წლების განმავლობაში ჩვენი კაპიტანია. მე ძალიან კმაყოფილი ვარ მისი ლიდერული თვისებებით, პასუხისმგებლობითა და პროფესიონალიზმით. წინასწარ ძალიან ძნელია იმის თქმა, თუ რა როლს შეასრულებს ის შემდეგ შესარჩევ ეტაპზე. ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ სად და როგორ ითამაშებს. გასაგებია, რომ 37 წლისაა, მაგრამ ახლა კითხვის ნიშანი არ დგას იმასთან დაკავშირებით, რომ ის ჩვენი გუნდის კაპიტანი და საკვანძო ფიგურაა.

ივნისის ამხანაგური მატჩებისთვის კაპიტნისა და ვიცე-კაპიტნის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია, ამას უახლოეს დღეებში გადავწყვეტ. მოახლოებულ ამხანაგურ მატჩებში ჩემთვის ტაქტიკაზე და სათამაშო ფორმაციაზე მეტად მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ ვითამაშებთ ბურთით და უბურთოდ, ასევე, მსურს, რომ გადატვირთული სეზონის შემდეგ, სექტემბერს სრულფასოვან ფორმაში შეხვდნენ. მსოფლიოს ჩემპიონატამდე გრძელი და დატვირთული გზის გავლა გვიწევს და ამ გზაზე ბევრი ფეხბურთელის დახმარება დაგვჭირდება.

საბა ხარებაშვილს უკვე დიდი ხანია ვაკვირდები, როგორც დინამო თბილისში, ასევე ახალგაზრდულ ნაკრებებში, ახლა მეძლევა საშუალება რომ უკეთ გავიცნო და დავაკვირდე. ეს სხვა ფეხბურთელების შემთხვევაშიც გაგვიკეთებია. მსურს, მთავარ ნაკრებში თამაშს შეეჩვიოს.

ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატს დავესწრები და საქართველოს ნაკრების შეხვედრებს პოლონეთისა და საფრანგეთის პირისპირ ვნახავ. ეს ისეთი რამ იქნება, როგორიც ჩემს ცხოვრებაში არ მომხდარა, საფრანგეთის ნაკრებს ვერ ვუგულშემატკივრებ.

საქართველო პატარა ქვეყანაა, რომელსაც ზომის მიუხედავად, არაერთი ნიჭიერი ფეხბურთელი რეგულარულად ჰყავს. ამის დასტური ზედიზედ ორჯერ ევროპის ჩემპიონატზე თამაშია, რამაზ სვანაძე დიდებულ საქმეს აკეთებს. ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა, რომ ქართველმა ფეხბურთელებმა ევროპის წამყვანი გუნდები დააინტერესონ, რაც ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალს ვერ დავესწრები, რადგან ჩვენი ნაკრების შეკრება იწყება, მაგრამ ვუყურებ და პსჟ-ს ვუგულშემატკივრებ, რადგან თან ფრანგული გუნდია და ხვიჩას ფაქტორიც არსებობს. მართალია, ამის შემდეგ, გასახდელში ერთადერთი არ ვიქნები, ვისაც ჩემპიონთა ლიგა ექნება მოგებული, მაგრამ მაინც კვარას ვგულშემატკივრობ. ხვიჩა კვარაცხელია ქართული ფეხბურთის ლოკომოტივია.

ჩვენ ორივე მეტოქე შევისწავლეთ, ისინი ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდებიან: ფარერის კუნძულების ნაკრები უფრო ხისტი და ფიზიკურად ძლიერი გუნდია, ხოლო კაბო ვერდე ტექნიკურად ძლიერი. ორივე მეტოქესთვის მზად ვიქნებით. კარგია, რომ ნაკრები ქუთაისში თამაშობს, რადგან ნაკრები ყველას კუთვნილებაა და სასიამოვნოა, რომ ჩვენი გუნდი ქვეყნის სხვადასხვა ქალაქებში თამაშობს", - ამბობს ვილი სანიოლი.

საქართველოს ნაკრები უახლოეს პერიოდში ორ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს: 5 ივნისს, ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენაზე", ფარერის კუნძულებთან, ხოლო 8 რიცხვში, ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის არენაზე, კაბო ვერდეს პირისპირ.

სხვა სტატიები