ვილი სანიოლი: "მომავლის გუნდის შენებაზე ვართ კონცენტრირებული"
4 კვირის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ჯგუფის მეხუთე და მეექვსე ტურის მატჩების გამართვის წინ, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ვილი სანიოლი პრესკონფერენციას მართავს და სხვადასსვა საინტერესო თემის შესახებ საუბრობს.
"მეტოქე გუნდებისგან ჩვენი ტაქტიკური ძალების შესწავლა ჩვეულებრივი მოვლენაა.
ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ჩვენი გამოსვლა დაახლოებით იმას ჰგავს, როცა მეგობრებთან ერთად კარგ წვეულებას გაატარებ და ფორმაში დასაბრუნებლად რამდენიმე დღე გჭირდება.
გასული წლების განმავლობაში რამდენიმე ცენტრალური მცველი გამოგვაკლდა, დავით ხოჭოლავამ კარიერა დაასრულა, გურამ კაშიას ნელ-ნელა ასაკი ემატება, კვირკველია, გველესიანი... ნაკრებში თაობათა ცვლა მიმდინარეობს. მომავლის დაგეგმვა ადრევე უნდა დაიწყო და არა წინა დღეს, სწორედ ამიტომ არის ნაკრებში ალექსანდრე ნარიმანიძე. ისევე, როგორც გაბრიელ სიგუა, რომელსაც ბაზელში რთული პერიოდი ჰქონდა, მაგრამ ახლა, ლოზანაში იჯარით გადასვლის შემდეგ ძალიან კარგ შთაბეჭდილებას ქმნის, მის მწვრთნელსაც ვესაუბრე და ისიც კმაყოფილია. ამიტომ, ორი წლის შემდეგ, მას მერე რაც დებიუტი ჰქონდა, ჩვენთან დაბრუნდა. სხვა ახალგაზრდა ცენტრალური მცველებიც მოდიან, გოგლიჩიძე, ლოჩოშვილი და ა.შ.
მეორე ადგილზე გასვლის თეორიული შანსი ჯერ ისევ არსებობს, მაგრამ ეს მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული. ახლა უფრო მეტად მომავალზე ვფიქრობთ. გუნდის ახალ ეტაპზე გადაყვანის და შენების ეტაპზე ვართ კონცენტრირებული. 2021 წელს ნაკრებში მოსვლის დროს სხვა რეალობა გვქონდა. შეგვიძლია ლუის ენრიკეს და პსჟ-ს მაგალითი მოვიყვანოთ, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა, მაგრამ საწყის წელს მასაც ჰქონდა პრობლემები.
პრობლემა მხოლოდ ტაქტიკური მონახაზი არ არის, უფრო მეტად კონცენტრაციის და აგრესიის არ ქონაა. თურქეთთან ორივე მატჩი, საშინაო კედლებშიც და გასვლაზეც კატასტროფა გახლდათ. ტაქტიკა არ შეგვიცვლია და როგორც გასული თვეების განმავლობაში, ახლაც ანალოგიური ფორმაციით ვითამაშეთ. თუ ეს წინა პერიოდში მუშაობდა, რატომ არ მუშაობს ახლა? ე.ი. პრობლემა ტაქტიკაში არ არის.
ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე, მათ შორის არასწორზე პასუხისმგებელი მე ვარ. მთელი გუნდი მუშაობს, მაგრამ გადაწყვეტილების მიმღები მთავარი მწვრთნელია.
რა თქმა უნდა, სტანდარტული მდგომარეობების მწვრთნელი და სხვა დამატებითი ბენეფიტები კარგია, მაგრამ ჩვენ არ ვართ ინგლისის პრემიერ ლიგის გუნდი და 600 მილიონი ბიუჯეტი არ გვაქვს. ჩვენ ფეხბურთის ფედერაცია ვართ. სტანდარტული მდგომარეობები ფეხბურთში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელიც მოგებაში უნდა დაგეხმაროს და შევეცდებით, რომ მომავალში ამ მიმართულებით უფრო მეტი ვიმუშავოთ.
ირაკლი აზაროვმა კონფერენს ლიგაზე მხოლოდ მას შემდეგ ითამაშა, რაც საქართველოს ნაკრების შემადგენლობა გამოცხადდა. საშუალოდ მას თვეში ერთი მატჩის ჩატარება უწევს.
ლაშა დვალი ძალიან მიყვარს, ის წლების განმავლობაში ჩვენი გუნდის მნიშვნელოვანი წევრია, უბრალოდ ესპანეთის ნაკრებთან მატჩში დავალებები სათანადოდ ვერ შეასრულა. ეს არ ნიშნავს, რომ მისთვის ნაკრების კარი დაიხურა, პირიქით, ეს სიგნალია, რომ უფრო მეტი იმუშაოს", - ამბობს ვილი სანიოლი.
საქართველოს ნაკრები 15 ნოემბერს ესპანეთს თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე უმასპინძლებს, 18 რიცხვში კი ბულგარეთს სტუმრად შეხვდება.