ვილი სანიოლი: "ცუდი წელი გვქონდა, მაგრამ ჭკვიანი ადამიანები გამოსავალს ეძებენ"
14 საათის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ვილი სანიოლი, 2026 წლის საწყისი მატჩების წინ პრესკონფერენციას მართავს და ახალი სანაკრებო სეზონის გამოწვევებზე საუბრობს.
"ჩვენი ამოცანა ყოველთვის ძლიერ დაცვასა და შეტევას შორის სწორი ბალანსის პოვნაა. წინა სააკვალიფიკაციო ეტაპი ამ მიმართულებით ძალიან რთული გამოდგა. ახლა, მარტისა და ივნისის მატჩებში ამ ყველაფრის გამოსწორებასა და გაუმჯობესებაზე ვიმუშავებთ. ერთა ლიგის ახალი სეზონისთვის მოსამზადებლად კარგი შესაძლებლობა გვაქვს.
გასული ციკლი ჩვენთვის ძალიან რთული გამოდგა. ვფიქრობ უფრო მაღალი ამბიციებით და თავდაჯერებით თამაში შეგვეძლო. თუმცა, ჭკვიანი ადამიანები ყოველთვის გამოსავალს ეძებენ და ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ.
მე, როგორც მწვრთნელი, ვფიქრობ რომ ტაქტიკურ მომზადებაზე უფრო მნიშვნელოვანი ფეხბურთელების მიდგომაა და თუ დააკვირდებით, მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელებიც იგივეს ამბობენ.
ვფიქრობ, ამ, ამხანაგურ მატჩებში დავინახავთ იმ მზადებას, რაც შემოდგომის ოფიციალური შეხვედრებისთვის გვჭირდება.
ერთა ლიგის კონკრეტულ მიზნებზე სექტემბერში ვისაუბრებთ. რისი თქმაც შემიძლია, არის ის, რომ ამ გათამაშებას დიდი ამბიციით მივუდგებით. ჩვენი მიზანი ჯგუფის მოგება იქნება. ოთხ ამხანაგურ შეხვედრას სწორედ იმისთვის გამოვიყენებთ, რომ სექტემბრამდე ყველა შეკითხვას პასუხი გავცეთ.
გიორგი ქოჩორაშვილი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. მას უკვე დიდი ხანია მუხლის ტრავმა აწუხებს და ვფიქრობ, მისთვის უფრო სათანადო ყურადღება უნდა მიექციათ. იმედია ის მალე დაგვიბრუნდება", - ამბობს ვილი სანიოლი.
საქართველოს ნაკრები 26 მარტს ისრაელს უმასპინძლებს, 29-ში კი ლიეტუვას სტუმრად შეხვდება.