Belive

"სევილიას პრიორიტეტული სამიზნეა" - პორტუგალიური მედია მოლაპარაკებების დაჩქარებას ვარაუდობს

1 დღის წინ ქართული სპორტი
1 წთ

პორტუგალიური საფეხბურთო მედია საშუალება abola საქართველოს ნაკრების ცენტრალური ნახევარმცველის, გიორგი ქოჩორაშვილის სევილიაში შესაძლო ტრანსფერის შესახებ ახალ დეტალებს ავრცელებს.

"გიორგი ქოჩორაშვილის ტრანსფერის გარშემო მოლაპარაკებები ამ კვირაში აქტიურ ფაზაში შედის. სევილია ქართველი ნახევარმცველის შეძენით სერიოზულადაა დაინტერესებული და მზადაა, ფეხბურთელის ტრანსფერი უახლოეს პერიოდში დაჩქარდეს.

ანდალუსიური კლუბისთვის გიორგი პრიორიტეტულ სამიზნეს წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ ესპანურ მხარეს ლა ლიგის ფინანსური შეზღუდვების გამო გარკვეული სირთულეები აქვს, ხოლო სპორტინგი ინვესტიციის სრულად ამოღებას ცდილობს, მხარეებს შორის შეთანხმების მიღწევის მოლოდინი მაღალია. სევილიას მთავარი მწვრთნელი, ლუის გარსია ქოჩორაშვილს ჯიბრილ სოუს იდეალურ შემცვლელად მიიჩნევს.

ფეხბურთელს ესპანეთში უკვე კარგი რეპუტაცია აქვს: ლევანტეში ჩატარებული ძლიერი სეზონების შემდეგ, სადაც გოლების აღნიშვნის გამო მას კაპიტანი ამერიკაც შეარქვეს, ესპანურ ფეხბურთთან ადაპტაცია არ გაუჭირდება. გარდა ამისა, პირადი მოსაზრებებიდან გამომდინარე, თავად მოთამაშეც ესპანეთში დაბრუნებას ანიჭებს უპირატესობას.

სიტუაციას ყურადღებით აკვირდება კიდევ ორი კლუბი; ხეტაფე და ლა კორუნიის დეპორტივო, თუმცა გადამწყვეტი სიტყვა ახლა კლუბებს შორის შეთანხმებაზეა დამოკიდებული", - abola.

გიორგი ქოჩორაშვილმა ლისაბონის სპორტინგში გასული სეზონი გაატარა და 26 მატჩში 2 საგოლე პასი გააკეთა.

სხვა სტატიები