საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებების მატჩს 14 წლამდე ბავშვები დაესწრებიან
25 სექტემბერს, ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე, უეფას ერთა ლიგის ახალი სეზონის საწყისი ტურის მატჩში საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიას უმასპინძლებს.
უეფას სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილების შესაბამისად, აღნიშნული შეხვედრა მაყურებლის გარეშე გაიმართება. თუმცა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, უეფას სადისციპლინო რეგულაციები მსგავს შემთხვევაში გამონაკლისის სახით 14 წლამდე ასაკის ბავშვების სტადიონზე დაშვების შესაძლებლობას ითვალისწინებს.
აღნიშნული რეგულაციის საფუძველზე, უეფასთან კონსულტაციების შემდეგ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მიიღო გადაწყვეტილება, მატჩზე მოიწვიოს საქართველოს საფეხბურთო სკოლებში რეგისტრირებული 10-დან 14 წლამდე ასაკის გოგონები და ბიჭები. აღნიშნულ კატეგორიაში შემავალი ფეხბურთელები მატჩზე დასასწრებ ბილეთს საჩუქრად მიიღებენ.
შეხვედრაზე დასწრება შესაძლებელი იქნება მხოლოდ საქართველოს რეგიონული ფეხბურთის ფედერაციების იურისდიქციაში არსებული საფეხბურთო სკოლების 10-დან 14 წლამდე ასაკის ფეხბურთელებისთვის, რომელთა რეგისტრაციასაც შესაბამისი საფეხბურთო სკოლები განახორციელებენ.