სანდრო მამუკელაშვილი: "ძალიან გვინდა ჯგუფიდან გასვლა, მით უმეტეს წინა ევრობასკეტის გამო"
ევრობასკეტის დაწყებამდე 3 დღეა დარჩენილი, საქართველოს ნაკრები კი უკვე კვიპროსშია - ევრობასკეტის დაწყებამდე, ჩვენ საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთ ლიდერსა და ტორონტო რაპტორსის კალათბურთელს - სანდრო მამუკელაშვილს, არაერთ საინტერესო თემაზე ვესაუბრეთ.
როგორ მიდის მზადება და როგორი განწყობაა ევრობასკეტის წინ?
"მზადება კარგად მიდის, სამწუხაროდ ბევრი დრო არ გვქონდა ევრობასკეტისთვის მოსამზადებლად, მეც ცოტა გვიან შემოვუერთდი გუნდს, რადგან მადრიდში ტორონტოს ვარჯიშები მქონდა. ძალიან პოზიტიურად ვარ განწყობილი, მიუხედავად იმისა, რომ ამხანაგური მატჩები ისე ვერ ჩავატარეთ, როგორც ჩვენ გვინდოდა და გვქონდა გეგმაში, თუმცა თამამად ვიტყვი, რომ თამაშიდან-თამაშამდე ვსწავლობთ და ვიზრდებით და დიდი შუქების ქვეშ, უფრო მობილიზებულები ვიქნებით და უფრო კარგ შედეგს დავდებთ - მე კმაყოფილი ვარ შეკრებით" -
შენ როგორ გრძნობ თავს, როგორ ფორმაში ხარ?
"თავს კარგად ვგრძნობ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია კარგ ფორმაში ვარ და ამაში ის დამეხმარა, რომ NBA-ში სეზონის დასრულების შემდეგ არ დამისვენია და მთელი ზაფხული ვივარჯიშე - მიზანი სწორედ ეს იყო, რომ ევრობასკეტს კარგ ფორმაში შევხვედროდი - მზად ვარ, რომ გამოვიდე და ჩემი მაქსიმუმი გავაკეთო." -
თორნიკე შენგელია გუნდს ახლახან დაუბრუნდა, რატი ანდრონიკაშვილმა კი პოლონეთთან ტრავმა მიიღო, როგორია მათი მდგომარეობა?
"თორნიკე კარგად არის, ნელ-ნელა გვიბრუნდება და შედის ფორმაში - ძალიან დაგვაკლდა ამხანაგურ მატჩებში, თუმცა მთავარია ევრობასკეტისთვის კარგად იყოს და იქ დაგვეხმაროს, რადგან ის გუნდის ლიდერია.
რაც შეეხება რატის, მან მოიშუშა თავისი ტრავმა და ევრობასკეტისთვის მზად არის." -
ევრობასკეტი ესპანეთთან მატჩით იხსნება, როგორია შანსები? ესპანეთი ისეთი ძლიერი აღარ არის როგორც ადრე
"ესპანეთი როგორც ყოველთვის კარგი გუნდია, კარგ კალათბურთს თამაშობენ, სწრაფს და ლამაზს, ამასთანავე, მათ დაიმატეს სანტი ალდამა, რომელიც ჩემი აზრით, ძალიან დაეხმარებათ. რამდენიმე ტრავმაა მათ გუნდში, რაც ჩვენთვის კარგია.
რა თქმა უნდა, ძალიან მატჩი იქნება, თუმცა, არცერთ თამაშზე არ გავდივართ ჩვენ დასამარცხებლად. ახლა უკვე დავიწყეთ მზადება, რომ განვიხილოთ მათი გუნდი, კარგად ვნახოთ, თუ რას და როგორ თამაშობენ." -
ჯგუფი რომ შეგვიფასო ზოგადად და რამდენად კარგი შანსები გვაქვს გასვლისთვის?
"ყველამ ვიცით, რომ ერთ-ერთ ყველაზე რთულ ჯგუფში მოვხვდით, მაგრამ მე ვიტყოდი, რომ ჩვენ ამ ჯგუფის "Dark Horse" ვართ და შეგვიძლია, რომ ჩვენი თამაშით დიდი ხმაური გამოვიწვიოთ. ჩვენ ძალიან გვინდა ჯგუფიდან გასვლა, მით უმეტეს წინა ევრობასკეტის გამო, ყველანი ძალიან მობილიზებულები ვართ და ვიცით, რომ ჯგუფიდან გასვლა შეგვიძლია.
ბოლო 2 მატჩი ძალიან რთული და მნიშვნელოვანი იქნება, თუმცა რა თქმა უნდა, სჯობს რომ საქმე კარგად და გამარჯვებით დაიწყო და ესპანეთთან გამარჯვებით უფრო კარგი შანსები გვექნება, რომ ჯგუფიდან უკეთესი პოზიციით გავიდეთ." -
ტორონტოზეც გვითხარი, ახალი გუნდი, ახალი მწვრთნელები - ელოდები მეტ სათამაშო დროს და უფრო მნიშვნელოვან როლს გუნდში?
"ტორონტოში გადასვლა ძალიან დიდი ცვლილება იყო, რადგან ძალიან მინდოდა, რომ სან ანტონიოში დავრჩენილიყავი. მქონდა ბევრი ლაპარაკი სხვადასხვა კლუბებთან, ზოგი კლუბი საკმაოდ სოლიდურ თანხას მთავაზობდა ბევრ წელზე და ა.შ, მაგრამ NBA-ში თავის დამკვირდება მინდა და ტორონტო ამას მთავაზობდა, რომ მომეცემა იმდენი სათამაშო დრო, რომ საკუთარი თავი გამოვავლინო.
რა თქმა უნდა, უნდა ვიმუშავო და დავუმტკიცო ყველას, რომ ბევრ რამეს ვიმსახურებ - მე მინდა ვაჩვენო ყველას, თუ რა შემიძლია.
რაც შეეხება მწვრთნელებს, სერბი მწვრთნელი მყავს ახალ კლუბში და ძალიან კარგად ვარ მასთან. სულ ვსაუბრობთ და მას სურს, რომ წელს კარგი გუნდი ვიყოთ და ამ გუნდის ერთ-ერთი ლიდერი მე ვიყო. ასევე გვსურს, რომ პლეი-ოფებში გავიდეთ და ერთი სული მაქვს, თუ როდის შევუერთდები გუნდს." - სანდრო მამუკელაშვილი
შეგახსენებთ, რომ საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ევრობასკეტის ჯგუფურ ეტაპზე ესპანეთის, იტალიის, საბერძნეთის, კვიპროსისა და ბოსნიის წინააღმდეგ ითამაშებს.