Belive

მედია: "კვარას შესაჩერებლად ხავი დაცვის ხაზში ცვლილებებს გეგმავს"

2 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ევროპული საფეხბურთო მედია საშუალება onefootball ესპანურ Mundo Deportivo-ზე დაყრდნობით, უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე "ნაპოლისა" და "ბარსელონას" ორრაუნდიან შეხვედრაზე საუბრობს. პირველი მატჩის წინ, რომელიც ნეაპოლში უნდა შედგეს, საუბარია იმის შესახებ, რომ კატალონიური გუნდის მთავარი მწვრთნელი, ხავი დაცვის ხაზში ცვლილებებს გეგმავს, ამის მიზეზი კი, 23 წლის ქართველი შემტევი, ხვიჩა კვარაცხელიაა.

"იმ არეულობის გათვალისწინებით, რომელშიც ამჟამად "ნაპოლი" იმყოფება "ბარსელონა" ფავორიტის სტატუსს ატარებს, იმის მიუხედავადაც, რომ თავად ხავი ერნანდესი და კომპანიაც საუკეთესო ფორმაში არაა.

თუმცა, კატალონიელებს მოუწევთ "ნაპოლის" საშიშ კაცზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე ზრუნვა, რომელსაც შეუძლია ნებისმიერ მომენტში შეცვალოს და საკუთარ თავზე აიღოს თამაში.

ქართველი გარემარბი წინა სეზონის შედეგიანობისგან განსხვავდება, მაგრამ მაინც უზარმაზარ საფრთხეს ქმნის მარცხენა ფლანგზე თავისი ტემპით, ბურთზე ხრიკებითა და გოლების გატანის უნარით, რამაც ის სწორედ "ბარსას" რადარზე დააყენა.

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი, ხავი ერნანდესი დაცვის ხაზში ცვლილებების განხორციელებას აპირებს, რათა ხვიჩა კვარაცხელიას შეჩერება შეძლოს.

მართლაც, ხავი სერიოზულად განიხილავს იდეას, რომ რონალდ არაუხო მარჯვენა მცველად ათამაშოს "ნაპოლის" გარემარბის შესაჩერებლად, ხოლო ჟულ კუნდე სათადარიგოთა სკამზე დასვას. ასეთი მიდგომა ხავის ელ კლასიკოში, ვინისიუის შეჩერებას ემსახურებოდა და ახლა იგივე განზრახვა ხვიჩა კვარაცხელიასთან თამაშს ემსახურება.

რაც შეეხება დაცვის ცენტრს, აქ პაუ კუბარსისა და ინიგო მარტინესის წყვილი განიხილება. 17 წლის ფეხბურთელისთვის ევროპულ მატჩში პირველად ძირითადი შემადგენლობიდან ასეთ მნიშვნელოვან შეხვედრაში შანსის მიცემა შესაძლოა ცოტა სარისკო იყოს, მაგრამ ფაქტია ხავი ამ ვერსიას აქტიურად განიხილავს", - წერს onefootball-ი.

საქართველოს ნაკრების ვარსკვლავს მიმდინარე საფეხბურთო სეზონში "ნაპოლის" შემადგენლობაში 31-ჯერ აქვს ნათამაშები, რა დროშიც 6-ჯერ გოლის გატანა მოახერხა, 4-ჯერ კი საგოლე პასის გაკეთება შეძლო.

"ნაპოლისა" და "ბარსელონას" პირველი მატჩი ნეაპოლში 22 თებერვალს გაიმართება და თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები