Belive

"ლივერპულს 2 მაღალი დონის მეკარე ჰყავს" - დუდეკი ალისონსა და მამარდაშვილზე

3 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

პრემიერ ლიგის 2025/26 წლების სეზონი, 15 აგვისტოს, 23:00 საათზე დაიწყება. სეზონის სადებიუტო მატჩში მოქმედი ჩემპიონი, ლივერპული ბორნმუთს დაუპირისპირდება.

სეზონის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, ლივერპულის ყოფილი კიპერი იერჟი დუდეკი კლუბის მედიას ესაუბრა და აღნიშნა, რომ ალისონისა და გიორგი მამარდაშვილის სახით, მერსისაიდელებს ორი მაღალი დონის კიპერი ჰყავთ.

ვფიქრობ, ორი ძალიან კარგი მეკარე გვყავს. გასულ სეზონშიც ასე იყო, როდესაც კელეჰერს ალისონის შეცვლა უწევდა.

წარსულმა გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ გრძელი და დამღლელი სეზონის განმავლობაში, როდესაც ბევრი მატჩის ჩატარება გიწევს, კარგი მეკარეების ყოლა აუცილებელია. წინასწარ არასდროს იცი, რა შეიძლება მოხდეს. ჩემი აზრით ალისონი მსოფლიოს ნომერ პირველი კიპერია, მამარდაშვილს კი ყველაფერი აქვს, რომ მისი იდეალური შემცვლელი გახდეს.

რა თქმა უნდა, მამარდაშვილს ადაპტაციისთვის გარკვეული დრო დასჭირდება, მაგრამ მას ყველა უნარი გააჩნია, იმისთვის, რომ მოწოდების სიმაღლეზე იყოს. უმნიშვნელოვანესია, რომ ორივე მეკარე ერთ დონეზე თამაშობდეს - თუ ალისონი შეინარჩუნებს ტოპ დონეს, მამარდაშვილმა ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ მას გაუთანაბრდეს.

ჩემი დაკვირვებით ლივერპულის მეკარეებს ერთმანეთთან დიდებული ურთოერთობა აქვთ და იმედია, რომ ასეც გაგრძელდება. - იერჟი დუდეკი.

შეგახსენებთ, რომ პოლონელი კიპერი ლივერპულის ღირსებას 2001-2007 წლებში იცავდა. 2005 წლის ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფატორმა მერსისაიდული გრანდი 2007 წელს დატოვა და მადრიდის რეალს შეუერთდა.

სხვა სტატიები