ლა ლიგის 2 ნომინაცია: მამარდაშვილი ესპანეთში საუკეთესოობისთვის იბრძვის
საქართველოს ნაკრებისა და "ვალენსიას" მეკარე, გიორგი მამარდაშვილი კარიერის ერთ-ერთ საუკეთესო მონაკვეთს გადის. ქართველმა სათამაშო ფორმა გამოასწორა, ისევე როგორც მისმა გუნდმა და ლა ლიგის ორ სხვადასხვა ნომინაციაში თვის საუკეთესო ფეხბურთელობისთვის იბრძვის.
მადრიდის "რეალთან" მოგებულ (2:1) მატჩში 24 წლის ქართველმა მეკარემ 8 მოგერიების შესრულება შეძლო, ვინისიუს ჟუნიორის მიერ პენალტის ნიშნულიდან, კილიან მბაპეს კი საჯარიმოს გარედან დარტყმული ბურთი მოუგერია და საუკეთესო მოთამაშის ჯილდოც მიიღო. ამ მატჩის შემდეგ, ქართველი მეკარე ლა ლიგის თვის საუკეთესო მოგერიებისა და რჩეული ფეხბურთელის ნომინაციაზე წარადგინეს.
გიორგი მამარდაშვილის კონკურენტები ლა ლიგის თვის საუკეთესო მოგერიების მქონე მეკარისთვის ბრძოლაში "სევილიას" და "მალიორკას" კარის დარაჯები, შესაბამისად ორიან ნილანდი და დომინიკ გრეიფი არიან.
ლა ლიგაში თვის საუკეთესო ფეხბურთელის სტატუსზე გიორგი მამარდაშვილთან ერთად, "ბარსელონას" ნახევარმცველი პედრი, "ესპანიოლის" შემტევი, ხავი პუადო, "მალიორკას" ათიანი, სერხი დარდერი და მადრიდის "ატლეტიკოს" ცენტრფორვარდი, ხულიან ალვარესი არიან ნომინირებულები.
ქართველი ფეხბურთელისთვის ხმის მიცემა მითითებულ ბმულზე გადასვლით არის შესაძლებელი: https://tinyurl.com/y5bwx5he
გიორგი მამარდაშვილს "ვალენსიას" შემადგენლობაში ამ სეზონში ჩატარებული 27 მატჩიდან 7-ში კარის უსაფრთხოება მშრალად აქვს შენახული, მის აქტივში ასევე 72 მოგერიებაა, რა მაჩვენებლითაც 42 მეკარეს შორის მეცხრე ადგილზეა.