Belive

ივნისის მატჩებში საქართველოს ნაკრებს გიორგი მიქაუტაძე ვერ დაეხმარება

6 საათის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრებს ივნისის თვეში გასამართ ამხანაგურ შეხვედრაში ტრავმის გამო გიორგი მიქაუტაძე ვერ დაეხმარება.

ესპანეთის ლა ლიგის ახლახანს დასრულებულ სეზონში, დასკვნით ტურში ვილიარეალმა მადრიდის ატლეტიკოს 5:1 აჯობა. მატჩში გოლი გიორგი მიქაუტაძემაც გაიტანა, მაგრამ შეხვედრის მიწურულს დაზიანება მიიღო და მოედნიდან გავიდა.

ბარძაყის ტრავმა იმდენად სერიოზულია, რომ მას საქართველოს ნაკრებისთვის ივნისში დახმარების შესაძლებლობა არ ექნება.

მოგესალმებით. სამწუხაროდ, უნდა გაცნობოთ, რომ გამოვტოვებ მოახლოებულ 2 მატჩს რუმინეთის და ბაჰრეინის წინააღმდეგ.

ატლეტიკოსთან მატჩში მცირე დისკომფორტი ვიგრძენი, არაფერი სერიოზული, თუმცა სამედიცინო შტაბის რჩევით, უმჯობესია სრულად მოვიშუშო დაზიანება, მომავალში დიდი პრობლემებისგან თავის ასარიდებლად.

ჩემს გუნდს და სამწვრთნელო შტაბს ვუსურვებ წარმატებას მომდევნო შეხვედრებში.

შევხვდებით მალე, დიდი ამბიციებით და მიზნებით", - წერს გიორგი მიქაუტაძე სოციალურ ქსელში.

ლიონსა და ვილიარეალში გატარებულ გასულ სეზონში, გიორგი მიქაუტაძემ ყველა ტურნირზე, ჯამში 16 გოლის გატანა და 6 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა. ის ვილიარეალის სეზონის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, "ყვითელმა წყალქვეშა ნავმა" კი ლა ლიგაში მესამე პოზიცია დაიკავა და ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა.

საქართველოს ნაკრები 2 ივნისს რუმინეთს, ხოლო 5 რიცხვში ბაჰრეინს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უნდა შეხვდეს.

სხვა სტატიები