Belive

გიორგი მამარდაშვილი 2024 წლის საუკეთესო ქართველ სპორტსმენად დასახელდა

6 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის გამოკითხვის შედეგად, საქართველოს 2024 წლის საუკეთესო სპორტსმენი, გიორგი მამარდაშვილი გახდა.

საქართველოს ნაკრების 24 წლის მეკარე, გიორგი მამარდაშვილი ვალენსიას შემადგენლობაში "მესტალიაზე" გამართული სეზონის დასკვნითი შეხვედრის შემდეგ, ბილაბოს ატლეტიკთან (0:1) საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტმა, გიგა გვენცაძემ და ვიცე-პრეზიდენტმა, ბიძინა ბარათაშვილმა დააჯილდოეს.

სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის წევრების გამოკითხვაში 75 ჟურნალისტი მონაწილეობდა, გიორგი მამარდაშვილმა 107 ქულა დააგროვა, 88 ქულით მეორე ადგილზე ლაშა ბექაური გავიდა, მესამე პოზიცია კი 69 ქულით ლაშა ტალახაძემ დაიკავა.

გამოკითხვა 1964 წლიდან ტარდება და დღემდე მასში ფეხბურთელთაგან მხოლოდ სლავა მეტრეველმა, მურთაზ ხურცილავამ, რამაზ შენგელიამ და ხვიჩა კვარაცხელიამ გაიმარჯვეს.

"მინდა მადლობა გადავუხადო სპორტულ ჟურნალისტებს. ჩემთვის ძალიან საპატიოა ეს პრიზი, მითუმეტეს, როცა ოლიმპიურ წელს მოვიგე. დასაფასებელია ეს ყველაფერი და დიდი მადლობა მათ", - ამბობს გიორგი მამარდაშვილი.
"შარშანდელი, ოლიმპიური წელი განსაკუთრებულად წარმატებული გამოდგა ქართული სპორტისთვის და ასეთი სერიოზული კონკურენციის პირობებში, როდესაც ოლიმპიური, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონები, საბედნიეროდ, მრავლად გვყავდა, გამარჯვება, ალბათ, განსაკუთრებით მისალოცია. წარმატებები მინდა ვუსურვო გიორგის, რომელიც ქართული ფეხბურთის დიდი იმედია", - სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტი, გიგა გვენცაძე.

გიორგი მამარდაშვილი, რომელმაც საქართველოს ნაკრებთან ერთად ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე ითამაშა და დიდ ტურნირზე ჩვენი ქვეყნის მთავარ საფეხბურთო გუნდთან ერთად დებიუტი ჰქონდა, საქართველოს წლის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა.

სხვა სტატიები