გიორგი აბურჯანიას დამატებით ევროპული და აზიური გუნდები ინტერესდებიან
საქართველოს ნაკრებში თამაშის დიდი გამოცდილების მქონე ცენტრალური ნახევარმცველი, გიორგი აბურჯანია, ამ ეტაპზე თავისუფალი აგენტია.
გასული სეზონი 30 წლის ფეხბურთელმა პორტუგალიურ ავეშში გაატარა, რომელმაც ჩემპიონატში ადგილის შენარჩუნება მოახერხა.
სატრანსფერო ექსპერტი და სპორტული ჟურნალისტი, რუდი გალეტი სოციალურ მედიაში ავრცელებს ინფორმაციას, რომ ქართველი ფეხბურთელის დამატება რამდენიმე გუნდს სურს.
კატარულ ალ ვაკრას ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს, ვისენტე მორენო, რომელიც ახლახანს ლა ლიგაში, ოსასუნას ხელმძღვანელობდა. ხიმნასტიკში მუშაობის პერიოდში ვისენტე მორენოს და გიორგი აბურჯანიას თანამშრომლობა მოუწიათ. ესპანელი სპეციალისტი, ვილიამ კარვალიოს დამატებას ცდილობს, თუ ეს ტრანსფერი არ გამოვა, მაშინ ალ ვაკრა გიორგი აბურჯანიას დამატებას შეეცდება.
რუდი გალეტის ინფორმაციით, ქართველი ფეხბურთელის დამატებით, პოლონური იაგელონია, თურქული კარაგუმრუქი და ირანული პერსეპოლისი ინტერესდება.
კარიერის განმავლობაში გიორგი აბურჯანიას რუსთავის მეტალურგის, თბილისის ოლიმპიკის და ლოკომოტივის, გორის დილას, კვიპროსული ანორთოსისის, ესპანეთში სევილია ბ-ს, ხიმნასტიკის, ლუგოს, რეალ ოვიედოს, კარტახენას, ნიდერლანდური ტვენტეს, თურქეთში ჰატაისპორის, პორტუგალიური ჟილ ვისენტესა და ავეშის შემადგენლობაში უთამაშია.