Belive

საქართველო ბაჰრეინთან თამაშისთვის ემზადება, კვარაცხელია ძირითადშია

4 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ხვალ საქართველოს ნაკრები კიდევ ერთ ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს. ამჯერად მეტოქე ბაჰრეინია. ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც წინა დაპირისპირებაში, რუმინეთის წინააღმდეგ, არ თამაშობდა, ამჯერად, მატჩს ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყებს. რუმინეთთან შეხვედრაში, ბოლო სანაკრებო თამაში ჰქონდა გურამ კაშიას. 38 წლის ფეხბურთელს, ეროვნულ ნაკრებში 129 მატჩი აქვს ჩატარებული, ხოლო კაპიტნის სამკლაური 50-ზე მეტ შეხვედრაში მოირგო. როგორც გურამმა აღნიშნა, მის შემცვლელად და საქართველოს ნაკრების მომავალ კაპიტნად, სწორედ ხვიჩა კვარაცხელიას ხილვა სურს.

„მისი ხელმძღვანელობით, ნაკრებს ძალიან ძლიერი კაპიტანი ეყოლება. მისით ყველამ უნდა ვიამაყოთ. ის ჩვენთვის საოცარი მოვლენაა. მე, როგორც ფეხბურთის გულშემატკივარი, მისი ძალიან დიდი ფანი ვარ და მეამაყება, რომ მასთან ერთად თამაშის შესაძლებლობა მქონდა. კვარას გამო, ფეხბურთის ყურება მსიამოვნებს.“ - გურამ კაშია

უეფას ერთა ლიგისთვის, რომელიც სექტემბერში დაიწყება, გუნდის სათამაშო ფორმის შესანარჩუნებლად, ამხანაგურ მატჩებს დიდი მნიშვნელობა ენიჭება. წინა შეხვედრაში, საქართველოს ნაკრებმა, რუმინეთის წინააღმდეგ ფრედ - 1:1 ითამაშა. იმედი ვიქონიოთ, რომ „ჯვაროსნები“, ხვალინდელ მატჩში, გამარჯვების მოპოვებას შეძლებენ.

საქართველოსა და ბაჰრეინის დაპირისპირება ხვალ, 5 ივნისს, „მიხეილ მესხის“ სახელობის სტადიონზე გაიმართება. მატჩი საღამოს 20:00სთ-ზე დაიწყება.

სხვა სტატიები