Belive

"გადავწყვიტეთ არ გაგვერისკა და შინ წასვლის ნება დავრთეთ" - ლუის ენრიკე

6 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

2025 წლის საფრანგეთის თასის გამარჯვებული პარი სენ-ჟერმენი გახდა. პარიზულმა გუნდმა რეიმსი 3:0 დაამარცხა. თავდაპირველად ხვიჩა კვარაცხელია ძირითად შემადგენლობაში მოიაზრებოდა, მაგრამ მატჩამდე რამდენიმე წუთით ადრე სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა და კვარამ სათადარიგო სკამზე გადაინაცვლა. როგორც შემდგომში გაირკვა ხვიჩას თავის ტკივილი აწუხებდა და სწორედ ეს იყო მიზეზი რატომაც არ უთამაშია.

RMC-ის ჟურნალისტმა, ფაბრის ჰოუკინსმა პირველი ტაიმის შემდეგ თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ სტადიონი დატოვა და სახლში დაბრუნდა, ფეხბურთელს კვლავ აწუხებდა თავის ტკივილი.4

მატჩის შემდეგ პსჟ-ს მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ პრესკონფერენციაზე ისაუბრა:

ხვიჩა კვარაცხელიასთან დაკავშირებით ნერვიულობის საფუძველი არ არსებობს, მის თავს სერიოზული არაფერია და ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის მზად იქნება. მოთელვის შემდეგ მან თავი შეუძლოდ იგრძნო და გადავწყვიტეთ არ გაგვერისკა და შინ წასვლის ნება დავრთეთ. სამშაბათს გუნდთან ერთად ივარჯიშებს.

ძალიან კარგი მატჩი ჩავატარეთ, ეს დიდი გამარჯვებაა, ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის საუკეთესოდ მოვემზადეთ და იმედი მაქვს ის ფინალი ყველა ჩვენგანისთვის განსაკუთრებული იქნება. დიდი ზეწოლის წინაშე მოგვიწევს თამაში, რადგან ახალგაზრდა გუნდი ვართ, მაგრამ გვაქვს გამოცდილება და ვეცდებით ზუსტად ის გავაკეთოთ რაც საჭირო იქნება. გვსურს ჩვენს გულშემატკივრებთან ერთად ისტორია დავწეროთ. - ლუის ენრიკე - პარი სენ-ჟერმენის მთავარი მწვრთნელი

მატჩის მიმდინარეობას რაც შეეხება, 16-ე და 19-ე წუთებზე ბრედლი ბარკოლამ დეზირე დუეს საგოლე გადაცემების შემდეგ დუბლი შეასრულა, შემდეგ კი 43-ე წუთზე თავად ბრედლიმ აშრაფ ჰაკიმის გაატანინა და საბოლოო ანგარიშიც დაფიქსირდა.

პარი სენ-ჟერმენში გადასვლის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიასთვის ეს რიგით მე-2 ტიტულია. წინ პარიზულ გუნდს უმნიშვნელოვანესი მატჩი ელის, ისინი ჩემპიონთა ლიგის ფინალში მილანის ინტერს დაუპირისპირდებიან, მატჩი 31 მაისს 23:00 საათზე გაიმართება.

სხვა სტატიები