Belive

დავით გელაშვილი: "ჩვენი ხასიათის და ხარისხის გვჯერა, საშინაო კედლებში თამაში მოტივაციას გვმატებს"

1 დღის წინ ქართული სპორტი
5 წთ

უეფას ახალგაზრდულ ლიგაზე დინამო თბილისის 19-წლამდელთა გუნდი წარმატებით გამოდის. შესაბამის ასაკობრივ კატეგორიაში საქართველოს მოქმედი ჩემპიონი ბოსნიისა და ჰერცეგოვინის წარმომადგენელ ჟრინსკისთან და კვიპროსულ აეკ ლარნაკასთან გამარჯვებების შემდეგ მინსკის დინამოსთან მატჩებისთვის ემზადება. გადამწყვეტი ეტაპის ორივე შეხვედრა ქართულმა გუნდმა საშინაო კედლებში, დინამო არენაზე უნდა ჩაატაროს.

მატჩების წინ, დინამო თბილისის აკადემიის 19-წლამდელთა გუნდის მთავარ მწვრთნელს, დავით გელაშვილს ვესაუბრეთ, რომელმაც განვლილი გზა შეაფასა და ბელარუსულ მეტოქესთან მატჩებისთვის მზადებაზე კომენტარი გააკეთა.

წინა წლებში, ქართულ გუნდებს უეფას ახალგაზრდულ ლიგაზე წარმატება უჭირდათ. ახლა ნავსის გატეხვა შევძელით. რა მიგაჩნიათ წარმატების მთავარ ფაქტორებად?

შარშანდელ სეზონშიც, დინამო თბილისის 19-წლამდელთა გუნდი საწყისი ეტაპის დაძლევასთან ახლოს გახლდათ და სათამაშო უპირატესობა ჰქონდა, მაგრამ გამარჯვება არ გამოვიდა. ვფიქრობ, გამართლების ფაქტორმაც თავისი როლი ითამაშა.

წლევანდელ სეზონში, ერთიანობით და გუნდური სულისკვეთებით შევძელით, რომ ის სათამაშო ხარისხი და ხასიათი გვეჩვენებინა, რომელიც ზოგადად დინამო თბილისის აკადემიას აქვს.

შეიძლება იყოს ფეხბურთი, ამერიკული ფეხბურთი და ტექსტი გამოსახულება

გზად ორ მეტოქესთან გამარჯვება შეძელით. სახელებით, შესაძლოა გრანდებთან თამაში არ მოგიწიათ, მაგრამ მარტივ კონკურენტებს არ შეხვდით. როგორ გაიხსენებთ განვლილ ორ ეტაპს?

საწყის ორ ეტაპზე მარტივ მეტოქეებთან ნამდვილად არ გვითამაშია, რადგან ამ ფაზაში მონაწილეობას თავიანთი ქვეყნის ჩემპიონი გუნდები იღებენ. ორ ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ გუნდთან თამაში მოგვიწია.

ჟრინსკი ფიზიკურად და ტაქტიკურად გაცილებით უფრო გამართული გუნდი გახლავთ, რომელსაც უფრო მეტად ძალისმიერ თამაშსა და სტანდარტული სიტუაციების გამოყენებაზე ჰქონდა აგებული სამატჩო გეგმა. კარგია, რომ მოვახერხეთ და მათსავე კედლებში სათამაშო უპირატესობის მოპოვება შევძელით. საწყისი მატჩი რთული გამოდგა. ბოსნია და ჰერცეგოვინადან ნათამაშები ფრით (1:1) დავბრუნდით, დინამო არენაზე კი უფრო მეტი ფოკუსირება და შექმნილი მომენტების რეალიზება შევძელით.

აეკ ლარნაკა უფრო მეტად ჩვენი სტილის გუნდი გახლდათ, ტექნიკური ფეხბურთელებით დაკომპლექტებული. სტუმრად ჩატარებულ შეხვედრაში ჩვენი თამაში ვერ ვაჩვენეთ, მაგრამ ხასიათი გამოვავლინეთ და მოვიგეთ მატჩი, რომელშიც ორჯერ ვაგებდით. ასეთი მატჩების მოგება ფეხბურთელებს უფრო მეტად ზრდის. საშინაო მატჩის წინ გავაანალიზეთ სტუმრად ჩატარებული შეხვედრა და თამაშში ხარვეზების აღმოფხვრა შევძელით, რომელმაც სასურველ შედეგამდე მიგვიყვანა.

საშინაო კედლებში, შენი გულშემატკივრის წინაშე თამაში დამატებითი მოტივაციაა. არამხოლოდ ჩვენთვის, ნებისმიერი ქართველისთვის დინამო არენაზე თამაში განსაკუთრებული განცდაა.

რამდენიმე ფეხბურთელს მთავარ გუნდში და შესაბამისად დინამო არენაზე თამაშის გამოცდილება აქვს, მაგრამ უმეტესობისთვის ეს სადებიუტო გამოცდილება გახლდათ. რამდენად მარტივად შეძლეს ბიჭებმა განსხვავებულ გარემოსთან შეგუება?

დიახ, რამდენიმე ფეხბურთელს დინამო არენაზე თამაშის გამოცდილება ჰქონდა. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც დინამოს სტადიონზე შედის, გრძნობს, რომ განსხვავებულ გარემოში ხვდება. ჩვენი გუნდი რამდენიმე ასაკობრივი კატეგორიიის ნაზავია, შესაბამისად, მართლაც გვყავს მთავარ გუნდში თამაშის გამოცდილების მქონე ფეხბურთელები, რომლებიც დანარჩენებს ადაპტაციაში დაეხმარნენ. გულშემატკივრის ფაქტორი ამ ამბავშიც ძალიან მნიშვნელოვანია.

შეიძლება იყოს ამერიკული ფეხბურთი, ფეხბურთი და ტექსტი გამოსახულება

იმის ფონზე, რომ დიდ გუნდებს ევროპული ტურნირების ძირითად ბადეში მოხვედრა არ გამოსდით, ახალგაზრდა ფეხბურთელებს ქართველი გულშემატკივრის გახარების დამატებითი შესაძლებლობა აქვთ. როგორ ფიქრობთ, რამდენად მნიშვნელოვანია შემდეგი ეტაპის გადალახვა?

ვგრძნობთ, რომ გვაქვს პასუხისმგებლობა, ტურნირის ძირითად ბადეში ვითამაშოთ. ჩემი აზრით, ქართულ ფეხბურთს აქვს ხასიათი და ხარისხი, რომლითაც წარმატების მიღწევა შესაძლებელია. ხშირ შემთხვევაში გამართლების ფაქტორსაც ხელი შეუშლია, ამიტომ მგონია, რომ მომავალში დიდ გუნდებსაც მალე ექნებათ შანსი, რომ ევროპულ ტურნირებში მოხვდნენ.

რაც შეგვეხება ჩვენ, შევეცდებით, რომ ძალების მაქსიმალური კოორდინაციით, საგზური მოვიპოვოთ და გავახაროთ ქართველი გულშემატკივარი, რომელსაც მუდმივად წარმატების მოლოდინი აქვს.

მინსკის დინამოს შესახებ რისი თქმა შეგიძლიათ. რამდენად რთული მეტოქეა?

მეტოქე საკმაოდ კარგი გუნდია და სტილისტურად ჟრინსკის წააგავს. ჩვენს მსგავსად, მათაც 2 ეტაპის გადალახვა შეძლეს. ჯერ ყაზახურ ორდაბასს, შემდეგ კი ბულგარულ ლუდოგორეცს აჯობეს და თანაც, ორივე ეტაპი მეტოქის არენაზე მოვიგეთ. ვხვდებით, რომ ღია თამაშშიც და სტანდარტულების დროსაც ხიფათის შექმნა შეუძლიათ, მაგრამ მეტოქის და საკუთარი ძლიერი მხარეებიც კარგად ვიცით და შევეცდებით, რომ უპირატესობები ჩვენს სასიკეთოდ გამოვიყენოთ.

გულშემატკივრის როლზეც გვითხარით. საშინაო კედლებში, ქართველი ქომაგის წინაშე თამაში რა უპირატესობას გმატებთ?

მინდა გულშემატკივარს წინა მატჩებში ჩვენს გვერდით დგომისთვის მადლობა გადავუხადო. საშინაო კედლებში, შენი გულშემატკივრის წინაშე თამაში განსაკუთრებული მოტივაციაა. ორივე მატჩს საშინაო კედლებში ვატარებთ, მაგრამ საწყის შეხვედრას გულშემატკივარი რეგულაციების გამო ვერ დაესწრება. იმედი მაქვს, მეორე მატჩზე, 10 დეკემბერს, ქომაგი სტადიონზე მოვა, მხარს დაგვიჭერს და კიდევ ერთხელ მოგვეხმარება, რომ წარმატება ერთად ვიზეიმოთ.

სხვა სტატიები