საბა გოგლიჩიძე: "თუ თეორიული შანსი გვაქვს, არასდროს უნდა დავნებდეთ"
3 დღის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი, საბა გოგლიჩიძე უოტფორდის ოფიციალურ ვებგვერდთან საუბრობს.
"ინგლისის ჩემპიონშიფში ბევრი მატჩი ტარდება, მაგრამ სწრაფ ადაპტაციაში გუნდის პერსონალი და ფიზმომზადების სტაფი დამეხმარა.
ჩვენი გულშემატკივრები დიდ ენერგიას მაძლევენ. მატჩების დასკვნითი ხუთი წუთის განმავლობაში, მათ ენერგიას განსაკუთრებულად ვგრძნობ და სწორედ ამიტომ შევძელი გასული 3 თამაშის განმავლობაში 90 წუთი მეთამაშა.
ჩვეულებრივ, ფეხბურთში ხალხი ფიქრობს, რომ იჯარით მოთამაშე ფეხბურთელები გუნდზე დიდად არ ზრუნავენ, მაგრამ მე მიყვარს ეს გუნდი და მათი გულშემატკივრები. მათ ენერგიას ვგრძნობ. მინდა მადლობა გადავუხადო ქომაგებს, რადგან ისინი სტადიონზე მოდიან და 90 წუთის განმავლობაში ჩვენთან ერთად არიან და მე ამას ვაფასებ. მოდით, ასე გავაგრძელოთ და ერთად ყველაფრის გაკეთება შეგვიძლია.
ჩემთვის, ეს თამაშები მენტალურ სიძლიერეს ეხება. საქმე ტაქტიკაში არ არის. ხარისხის თვალსაზრისით, ჩვენ ჩემპიონშიფის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი გვყავს.
რექსჰემთან თამაშში ჩვენი მენტალიტეტი ვაჩვენეთ. თუ ასე ვითამაშებთ ყველა მატჩში, ყველაფერი შესაძლებელია. ყოველთვის, როცა შანსი გვაქვს, უბრალოდ არასდროს უნდა დავნებდეთ, რადგან ამის გაკეთება შეგვიძლია. თუნდაც ერთპროცენტიანი შანსი გვქონდეს, უნდა ვეცადოთ.
ჩვენ გვჭირდება იგივე მენტალიტეტი და ერთმანეთის ნდობა. ჩვენ გვყავს მაღალი ხარისხის მოთამაშეები, პერსონალთან, მოთამაშეებთან და გულშემატკივრებთან ერთად და ერთი ოჯახი ვართ. თუ ერთად ვიქნებით, შეგვიძლია მოვიგოთ ლესტერთან და ყველა სხვა გუნდთან.
როდესაც პატარა ვიყავი, მახსოვს, ლესტერმა პრემიერ ლიგა მოიგო. ჯეიმი ვარდი ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მოთამაშეა და მის წინააღმდეგ სერია A-ში ვითამაშე. ლესტერი დიდი გუნდია. ისინი ცხრილის ქვედა ნაწილში არიან, მაგრამ ეს დიდი სახელია და არ უნდა დავიწყოთ ფიქრი, რომ სატურნირო ცხრილის გამო ადვილი მატჩი გვექნება. შესაძლოა, ეს უფრო რთული მატჩია, ვიდრე რექსჰემთან", - ამბობს საბა გოგლიჩიძე.
უოტფორდი ინგლისის ჩემპიონშიფში 38 ტურის შემდეგ დაგროვებული 55 ქულით მე-9 პოზიციას იკავებს და ლესტერს 21 მარტს, საშინაო კედლებში უნდა შეხვდეს.