ჩვენი მეტოქე: ყველაფერი პორტუგალიის 21-წლამდელთა ნაკრების შესახებ
უეფას ევროპის 2025 წლის 21-წლამდელთა ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები პორტუგალიელ თანატოლებს შეხვდება.
მეოთხედფინალში მოხვედრისთვის გადამწყვეტ მატჩში ჩვენი გუნდის მეტოქეს კარგად ვიცნობთ და სხვადასხვა ასაკობრივ და ახალგაზრდულ თუ მთავარი ნაკრებების დონეზე არაერთი მატჩი გვაქვს ჩატარებული. მათ შორის 2 წლის წინ, საქართველოსა და რუმინეთში გამართულ ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატზე, თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის არენაზე და ისტორიული გამარჯვება მოპოვებული.
ამ სტატიაში, ჩვენი გუნდის მეტოქეს ისტორიულ მატჩში უკეთ გაგაცნობთ.
პორტუგალიის 21-წლამდელთა ნაკრების ისტორია
პორტუგალიის 21-წლამდელთა ნაკრები 1976 წლიდან, ანუ მას შემდეგ არსებობს, რაც ევროპაში ახალგაზრდულ დონეზე კონტინენტის ყველაზე ძლიერი ტურნირის ორგანიზება დაიწყო.
პორტუგალიელები 21-წლამდელთა გუნდს ზედმეტსახელად ესპერანსას უწოდებენ, რაც ქართულად იმედს ნიშნავს.
ამ ქვეყნის ახალგაზრდულ გუნდს, მსგავსად დიდი ნაკრებისა, საწყისი ეტაპი წარმატებული არ ჰქონდა, მაგრამ შემდეგ დეკადებში საპრიზო ადგილების მოპოვება არაერთხელ მოახერხა. პორტუგალიელებმა საწყისი 8 გათამაშებიდან ვერცერთში მონაწილეობის მიღება ვერ შეძლეს, მაგრამ 1994 წლის სადებიუტო ტურნირზე ფინალში ითამაშეს და ვერცხლის მედლებს დასჯერდნენ, ჩემპიონი კი იტალიის ნაკრები გახდა. ამ ტურნირიდან მოყოლებული, პორტუგალიის ნაკრებმა 15-დან 9 ტურნირის ფინალურ ეტაპზე ითამაშა, ოთხჯერ ჯგუფში ჩარჩა, ორჯერ მეოთხედფინალში გავიდა, 2004 წელს მესამე ადგილი დაიკავა, ხოლო 2015 და 2019 წლებში ფინალში გააღწია. პორტუგალიელებმა ფინალი ჯერ შვედეთთან, შემდეგ კი გერმანიის ნაკრებებთან წააგეს.
ევროპის ჩემპიონატზე სამი წაგებული ფინალით პორტუგალიელები მეორე ადგილზე არიან, ყველაზე მეტჯერ გადამწყვეტ შეხვედრაში მეორე ადგილი ესპანელებმა (4) მიიღეს.
გზა ევროპის 2025 წლის 21-წლამდელთა ჩემპიონატისკენ
პორტუგალიის 21-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი ძალიან დამაჯერებლად განვლო. ჯგუფში მეტოქეებად ხორვატიის, საბერძნეთის, ფარერის კუნძულების, ბელარუსისა და ანდორის ნაკრებები შეხვდა და 10 ჩატარებული მატჩიდან 9 მოიგო. პორტუგალიელებმა ერთადერთი მატჩი წააგეს: სტუმრად საბერძნეთის ნაკრებთან.

მოსამზადებელი პერიოდი ევროპის 2025 წლის ჩემპიონატისთვის
საკვალიფიკაციო ეტაპის შემდეგ, პორტუგალიელებმა 4 ამხანაგური მატჩი ჩაატარეს: ფრე უკრაინასთან (3:3), გამარჯვება სლოვაკეთთან (3:1) და ორი წაგება რუმინეთისა (0:1) და ინგლისის ნაკრებებთან (2:4).
პორტუგალიის 21-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა ევროპის 2025 წლის ჩემპიონატისთვის
მეკარეები: დიოგო პინტო (სპორტინგი), ჟოაო კარვალიო (ბრაგა), სამუელ სოარესი (ბენფიკა);
მცველები: ჩიკო ლამბა (აროუკა), კრისტიან მარკესი (ივერდონი), ედუარდო კუარეჟმა (სპორტინგი), ფლავიო ნაზინიო (სერკლ ბრიუგე), ჟოაო მუნისი (სპორტინგი), ლორენცო ენრიკესი (ვარჟიმი), რაფაელ როდრიგეში (ავეში), როდრიგო გომეში (ვულვზი), როდრიგო პინეირო (ფამალიკაო);
ნახევარმცველები: დიოგო ნასიმენტო (ვიზელა), გუსტავო სა (ფამალიკაო), ჟოაო მარკესი (ჟილ ვისენტე), მათეუშ ფერნანდეში (საუთჰემპტონი), მატიას დე ამორიმი (ფამალიკაო), პაულო ბერნარდო (სელტიკი) და პედრო სანტოში (მორეირენსე);
თავდამსხმელები: კარლოს ბორჟესი (ვულვზი), ჯოვანი ქუენდა (სპორტინგი), ჰენრიკე არაუჟო (აროუკა), როჟერ ფერნანდეში (ბრაგა), ტიაგო ტომასი (ვოლფსბურგი);


პორტუგალიის 21-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი
პორტუგალიის ახალგაზრდულ გუნდს 52 წლის რუი ჟორჟე წვრთნის. ვილა ნოვა დე გაიაში დაბადებულმა რუი ჟორჟემ ფეხბურთელის კარიერა პორტუს აკადემიაში დაიწყო, იჯარით რიო ავეში ითამაშა, შემდეგ კი ლისაბონის სპორტინგში გადაბარგდა. ფეხბურთელის კარიერის დასრულების და სამწვრთნელო კარიერის დასაწყისი ბელენენსეშს უკავშირდება.
2006 წლიდან 2009 წლამდე ბელენენსეშის 19-წლამდელთა და ორ მატჩში მთავარი გუნდის გაწვრთნის შემდეგ, რუი ჟორჟეს პორტუგალიის ახალგაზრდული ნაკრები ჩააბარეს. 2010 წლიდან რუი ჟორჟე ამ საქმიანობას ეწევა და 2016 წლის ოლიმპიურ თამაშებზე პორტუგალიის ნაკრებსაც უხელმძღვანელა, სადაც გუნდმა მეოთხედფინალში ითამაშა.
რუი ჟორჟეს პორტუგალიის 21-წლამდელთა ნაკრებში 125 (ოლიმპიურ ნაკრებში კიდევ 5) მატჩში აქვს ნამუშევარი, საიდანაც მისმა გუნდმა 89 მოიგო, 18 წააგო და 18 ფრედ ითამაშა.

ურთიერთშეხვედრები
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებს პორტუგალიელ თანატოლებთან ისტორიაში ორი მატჩი აქვს ჩატარებული. 2022 წელს ამხანაგურ მატჩში მეტოქემ 4:1 იმარჯვა და ჩვენი გუნდის მხრიდან გოლის გატანა გიორგი მოისწრაფიშვილმა შეძლო. მეორე და ოფიციალური მატჩი 2023 წლის 21 ივნისს, თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე გაიმართა და ჩვენმა გუნდმა 2:0 იმარჯვა. გოლების გატანა ისტორიულ მატჩში გიორგი გაგუამ და საბა საზონოვმა მოახერხეს.