Belive

ბაჩანა არაბული: „ბერძნული მენტალიტეტი მათ ნაკრებს დამატებით წნეხს მატებს“

1 თვის წინ ქართული სპორტი
5 წთ

უეფას ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე გასვლასთან საქართველოს ნაკრები ძალიან ახლოსაა. 26 მარტს, თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში, საბერძნეთთან მოპოვებული გამარჯვება ჩვენს გუნდს გერმანიაში გასამართი ტურნირის საგზურს მოუტანს.

მატჩის წინ, საქართველოს ნაკრებში თამაშის გამოცდილების მქონე თავდამსხმელს, ბაჩანა არაბულს ვესაუბრეთ, რომელიც საბერძნეთის ჩემპიონატში გასულ წლებში გამოდიოდა და გოლები „ლამიასა“ და „პანიონიოსის“ მაისურით გაჰქონდა.

თავდაპირველად, შენს კარიერაში ახალ ნაბიჯზე გკითხავ. სამხრეთ კორეის ჩემპიონატის მეორე ლიგის გუნდში გადახვედი, სადაც ზურაბ მუსელიანთან ერთად ითამაშებ. როგორი მოლოდინებით იწყებ ახალ სეზონს?

თავიდან ბევრს ვფიქრობდი იმის შესახებ, მიღირდა თუ არა სამხრეთ კორეის მეორე ლიგის წარმომადგენელ გუნდში გადმოსვლა, მაგრამ ნელ-ნელა ვრწმუნდები, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე. იმის გათვალისწინებით, რომ უზბეკეთში, ჩემს კარიერაში, უდავოდ ყველაზე რთული პერიოდი მქონდა. მითუმეტეს, იმის ფონზე, რომ პატარა აღარ ვარ და პერსპექტივები უნდა გამეთვალისწინებინა, მჯერა, რომ სწორი ნაბიჯი გადავდგი.

კარგი ამბავია ისიც, რომ აქ ზურაბ მუსელიანი დამხვდა. ახალგაზრდა ქართველი თავდამსხმელი, რომელიც საქართველოს ეროვნული ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა და ძალიან ნიჭიერი მოთამაშეა. ვფიქრობ, ჩვენ, ქართველები და კორეელები ფეხბურთში ბევრ რამეს განსხვავებულად ვუყურებთ, მაგრამ მჯერა, რომ ჩვენ, ორივენი შემტევები ვართ და ერთმანეთს კარგად გავუგებთ და ერთად წარმატებულ პერიოდს გავატარებთ.

ლუქსემბურგთან მატჩის შენი შეფასება მაინტერესებს. რა შთაბეჭდილება დაგრჩა ჩვენი გუნდის თამაშზე?

ლუქსემბურგთან მატჩში მთავარი შედეგი იყო და ის, რომ გავიმარჯვეთ. ბიჭებს ნამდვილად ეტყობოდათ, რომ კონკრეტული მატჩისთვის მაქსიმალურად სწორად განწყობილები იყვნენ. შესაძლებელია, ეს არ ყოფილა ჩვენი საუკეთესო თამაში და მეტოქე დიდი ანგარიშით არ დაგვიმარცხებია, მაგრამ მთავარია, რომ მოვიგეთ და უკვე ფინალში ვართ.

საბერძნეთის ჩემპიონატში დაგროვებული გამოცდილებით, მათი ნაკრების შესახებ რას ფიქრობ. რამდენად მნიშვნელოვანია მათთვის ეს მატჩი და როგორ ხვდებიან ამ შეხვედრას?

საბერძნეთში, საკმაოდ კარგი პერიოდი მაქვს გატარებული და ვფიქრობ, გარკვეულწილად, მათ საფეხბურთო გარემოს და მენტალობას ვიცნობ. ისინი მრავალი წელია, რაც ევროპის ჩემპიონატზე არ ყოფილან, ამავე დროს, მათ მენტალიტეტში მუდმივად არის ის განცდა, რომ ყოველთვის რაღაც დიდის და განსაკუთრებულის ნაწილი უნდა იყვნენ. დარწმუნებული ვარ, მთელი საბერძნეთი ელოდება, რომ ევროპის ჩემპიონატზე გასვლას შეძლებენ და სხვა მოცემულობას არც უშვებენ. არ ვიცი, ჩვენზე მეტი ზეწოლა ექნებათ თუ არა, მაგრამ ჩვენთან ვერ მოგება ყველა შემთხვევაში, მათთვის წარუმატებლობად შეფასდება. ამ წნეხის არსებობამ ჩვენზე შესაძლოა კარგად იმოქმედოს.

ველოდი, რომ საბერძნეთის ნაკრები ყაზახეთს საშინაო კედლებში აუცილებლად მოუგებდა და შედეგი არ გამკვირვებია.

როგორ თამაშს ელოდები საბერძნეთთან მატჩში?

საბერძნეთის ნაკრებს ხვიჩა კვარაცხელიას დონის ვარსკვლავი არ ჰყავს, მისი ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია და მეტოქე გუნდის ფეხბურთელები მას დიდ ყურადღებას მიაქცევენ. ვფიქრობ, ხვიჩა როგორც ფეხბურთელი და პიროვნება ნელ-ნელა უფრო და უფრო მეტად იზრდება და ლიდერობისთვის მზად იქნება. მას უკვე საბერძნეთის ნაკრების მცველებზე უფრო მაღალი დონის ფეხბურთელებთან წარმატებულად უთამაშია და მას ეს გამოცდილება დაეხმარება.

საბერძნეთის ნაკრებს ჩვენი დონის ვარსკვლავი არ ჰყავს, მაგრამ გუნდურად, საკმაოდ დაბალანსებული და კარგი შემადგენლობა ჰყავთ.

დარწმუნებული ვარ, საშინაო კედლები ჩვენთვის ძალიან დიდი უპირატესობაა, მთელი ქვეყანა გაერთიანდება, ტრიბუნები ბიჭებს გვერდით დაუდგება და ყველა ერთად შევეცდებით, რომ გამარჯვებას მივაღწიოთ.

შენი აზრით, რას ნიშნავს ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა საქართველოს ნაკრებისთვის, ქართული ფეხბურთისთვის და საქართველოსთვის?

ევროპის ჩემპიონატზე გასვლა ერისთვის, ქვეყნისთვის, ხალხის გაერთიანებისთვის და ზოგადად, უკეთესი მომავლისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. თავად ფეხბურთელები უფრო მაღალი დონის ევროპულ გუნდებში მოხვდებიან, საფეხბურთო ოჯახი ფინანსურად და ინფრასტრუქტურით უფრო მეტად განვითარდება, ახალგაზრდებისთვის მეტი პერსპექტივა გაჩნდება და საქართველოში უფრო მეტი სასიკეთო ცვლილება მოხდება. მჯერა, რომ ქართველი ხალხი ამ გამარჯვებას და გამარჯვებით დაწყებულ ახალ ეტაპს იმსახურებს და იმედი მაქვს, რომ 26 მარტს, ყველა ერთად ვიზეიმებთ.

სხვა სტატიები