Belive

ტედი რინერი: "ვფიქრობ, ყველაფერი ისე მიდის, რომ კიდევ ერთ ოლიმპიურ ოქროს მოვიგებ..."

1 თვის წინ სხვა
1 წთ

მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო ძიუდოისტმა, 35 წლის ფრანგმა - ტედი რინერმა, მადრიდის ევროპის თასის მოგების შემდეგ, კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ პარიზის ოლიმპიურ თამაშებს მაგარ ფორმაში ხვდება.

აქვე შეგახსენებთ, რომ ტედი რინერმა მადრიდისა და მარაკეშის ღია პირველობებზე მონაწილეობა მხოლოდ იმიტომ მიიღო, რომ მსოფლიო რეიტინგისთვის უფრო მეტი ქულა დაეგროვებინა, პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე უკეთეს ბადეში მოხვდეს და პირველივე ეტაპებიდან უძლიერესი ფალავნები თავიდან აიცილოს.

"მარაკეშისა და მადრიდის ღია პირველობების მოგება დამეხმარება, რომ პარიზის ოლიმპიადაზე უკეთესი პოზიციიდან დავიწყო ასპარეზობა.

ვაგრძელებ ვარჯიშს ჩემს ახალ მწვრთნელთან ერთად. ვფიქრობ, მადრიდის შეჯიბრი შეიძლება იყოს ჩემი ბოლო შეჯიბრი ოლიმპიადამდე, რადგან ცოტა დავიღალე და მინდა პარიზში ოქროს მედლის მოპოვება.

ახლა ცოტა დასვენება დამჭირდება, რომ უკეთ მოვემზადო ოლიმპიური თამაშებისთვის, თუმცა ჯერ არ ვარ დარწმუნებული, რომ არცერთ შეჯიბრზე აღარ ვიასაპრეზებ. ამის შესახებ ჩემს სტაფს უნდა დაველაპარაკო და ყველაფერი მას შემდეგ გადაწყდება.

ვგრძნობ, რომ პარიზისთვის მზადება უკეთესია, ვიდრე ტოკიომდე იყო. თავს ძალიან კარგად ვგრძნობ და ვფიქრობ, ახლა ყველაფერი სწორი მიმართულებით მიდის იმისათვის, რომ პარიზში ოქრო მოვიგო..." - ტედი რინერი

შეგახსენებთ, რომ ტედი რინერი 2-გზის ოლიმპიური ჩემპიონია. მან ოლიმპიური ოქროს მოპოვება 2012 და 2016 წლებში შეძლო, 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადაზე კი 1/4-ფინალში ტამერლან ბაშაევთან დამარცხდა, საბოლოოდ კი ბრინჯაოს მედალს დასჯერდა.

შეგახსენებთ, რომ 27 ივლისი - 3 აგვისტოს პერიოდში, პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე, სტარტს ძიუდო აიღებს.

სხვა სტატიები