Belive

თბილისში დაწყებული ტრიუმფი | ჯენარო პირელი ფანტასტიურ ფორმაშია და ზედიზედ 4 შეჯიბრი მოიგო

1 საათის წინ სხვა
2 წთ

26 წლის იტალიელმა ძიუდოისტმა - ჯენარო პირელიმ საკუთარი დაუმარცხებელი სერია ფენომენალურ 18 შეხვედრამდე გაზარდა. 100 კგ წონით კატეგორიაში ბუდაპეშტის გრანდ სლემის ფინალში მან მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, პორტუგალიელი ჟორჟ ფონსეკა დაამარცხა. გადამწყვეტ ორთაბრძოლაში იტალიელს ილეთის გაკეთება არ დასჭირვებია - მისმა უწყვეტმა შეტევებმა და მაღალმა ტემპმა ფონსეკა სამ გაფრთხილებამდე (შიდო) მიიყვანა, საიდანაც გადამწყვეტი მესამე შიდო დამატებით დროში დაფიქსირდა. ამ გამარჯვებით პირელიმ 2026 წელს უკვე მესამე უმაღლესი ტიტული მოიპოვა და ბაქოს მსოფლიო ჩემპიონატისთვის ფავორიტის სტატუსი კიდევ უფრო გაიმყარა.

26 წლის იტალიელი, რომელიც ამჟამად მსოფლიო რეიტინგის მეორე ნომერია, შესანიშნავ ფორმაშია - ბოლო 18 შეხვედრიდან არცერთი წაუგია და ზედიზედ ოთხი ტურნირის ჩემპიონი გახდა. აპრილში მან თბილისში ევროპის ჩემპიონის ტიტული დაისაკუთრა, ივნისში ულანბატარის გრან სლემზე გაიმარჯვა, შემდეგ აგვისტოში იყო ლიმას გრან პრიზე ტრიუმფი, ახლა კი ბუდაპეშტშიც უშეცდომოდ იასპარეზა. პირელის კარიერაში ტოკიოსა და დუშანბეს გრან სლემებიც აქვს მოგებული, თუმცა მიმდინარე სეზონში მან სტაბილურობის სრულიად ახალ დონეს მიაღწია.

უნგრეთის გრანდ სლემი 2026 - ჯენარო პირელი ჩემპიონია.

ბუდაპეშტის ტურნირზე იტალიელს იოლი ბადე ნამდვილად არ ჰქონია. პირელიმ ასპარეზობა პოლონელ კასპერ შჩუროვსკისთან გამარჯვებით დაიწყო, რის შემდეგაც კანადელ - შედი ელ ნაჰასს შეხვდა მსოფლიო დონის ძიუდოისტს, რომელიც წლებია -100 კგ წონის ელიტაშია. ამ გამარჯვებამ პირელი მეოთხედფინალში გაიყვანა, სადაც იაპონელ იუტა კასაის სძლია, ნახევარფინალში კი ისრაელის წარმომადგენელი ჩამოიცილა გზიდან.

„დღეს თავს შესანიშნავად ვგრძნობდი, რამაც ბაქოს მსოფლიო ჩემპიონატისთვის დამატებითი მოტივაცია მომცა. განსაკუთრებით გამოსადეგი ტესტი ელ ნაჰასთან და კასაისთან ბრძოლები იყო - ყურადღება ჩავლებაზე და შეტევის მიმართულების მარჯვნიდან მარცხნივ ცვლილებაზე გავამახვილე, რამაც გაამართლა.

ძალიან მაგარ ფორმაში ვარ და მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვება ჩემი დიდი ხნის ოცნებაა," - ჯენარო პირელი

ასე და ამგვარად, ჯენარო პირელი საოცარ ფორმაში იმყოფება - მან თბილისში ევროპის ჩემპიონობის შემდეგ, მიჯრით 3 შეჯიბრი მოიგო და მსოფლიო ჩემპიონობისთვისაც ემზადება...

სხვა სტატიები