Belive

პირველი განაჩენი | აკაკი ჯაფარიძე გერმანიის ბუნდესლიგიდან სამუდამოდ მოკვეთეს

10 საათის წინ სხვა
2 წთ

ქართველ ძიუდოისტ - აკაკი ჯაფარიძეს, გერმანიის ძიუდოს ბუნდესლიგაში ასპარეზობა სამუდამოდ აეკრძალა. აღნიშნული მკაცრი გადაწყვეტილება გერმანიის ძიუდოს ფედერაციამ (DJB) მას შემდეგ მიიღო, რაც მიმდინარე თვის დასაწყისში გამართული ლიგის შეხვედრის დასრულების შემდეგ ქართველი სპორტსმენი თავს დაესხა თავის გერმანელ მეტოქეს, ტიმო კაველიუსს.

ფედერაციის ოფიციალური განცხადების თანახმად, ჯაფარიძეს არა მხოლოდ ასპარეზობა, არამედ DJB-ის ეგიდით გამართულ უმაღლეს დივიზიონში რომელიმე კლუბში დარეგისტრირებაც კი სამუდამოდ აეკრძალა.

„ეს გადაწყვეტილება მამშვიდებს და ამაყს ხდის, რადგან ის სრულად ასახავს ჩვენს სპორტსა და ღირებულებებს. შესაბამისად, მიღწეული შედეგით კმაყოფილი ვარ“, - განაცხადა ბუნდესლიგის წარმომადგენელმა პამელა ბიკენდორფმა.

ინციდენტი შეხვედრის დასრულებისთანავე მოხდა. ჯაფარიძემ კაველიუსს ისეთი მძიმე ფიზიკური დაზიანება მიაყენა, რომ გერმანელ სპორტსმენს ყბა გაუტყდა. დაზარალებულს საავადმყოფოში ოპერაცია ჩაუტარდა და ყბის ფიქსაციისთვის სამი ფირფიტა ჩაუდგეს. მიღებული ტრავმის გამო კაველიუსს ტატამზე დასაბრუნებლად დაახლოებით 10 კვირა დასჭირდება, რის გამოც იგი იძულებული გახდება, ოქტომბერში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატი გამოტოვოს.

თავად აკაკი ჯაფარიძემ მომხდარი იმით განმარტა, რომ მისი აგრესიული რეაქცია კაველიუსის მიერ გამარჯვების აღნიშვნამ გამოიწვია, რაც ქართველმა სპორტსმენმა „საკუთარი ღირსების შეურაცხყოფად“ აღქვა. შეხვედრის მოგების შემდეგ კაველიუსმა შეკრული მუშტი ჯერ საკუთარი გუნდის, შემდეგ კი ჯაფარიძის მიმართულებით აღმართა, რასაც ქართველი ძიუდოისტის მხრიდან მოულოდნელი თავდასხმა და დარტყმების სერია მოჰყვა.

სამუდამო დისკვალიფიკაციასთან ერთად, ქართველი სპორტსმენის მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმდება - ჯაფარიძის წინააღმდეგ დისციპლინური წარმოება საქართველოს ძიუდოს ეროვნულ ფედერაციასა და ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციაშიც (IJF) მიმდინარეობს, ხოლო გერმანიის სამართალდამცავი ორგანოების მიერ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

სხვა სტატიები