Belive

ოფიციალურად | ტედი რინერი მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს

1 დღის წინ სხვა
3 წთ

ტედი რინერი ბაქოში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატს (4-10 ოქტომბერი) გამოტოვებს. ამით წერტილი დაესვა სპეკულაციებს იმის შესახებ, შეძლებდა თუ არა ფრანგი მძიმეწონოსანი საერთაშორისო ასპარეზზე დაბრუნებას. სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი მარჯვენა მხრის ტრავმას ჯერ კიდევ მკურნალობს, რის გამოც, ლიმას გრან პრისა და ლოზანის გრან სლემის შემდეგ, კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს ტურნირზე ნაკრების განაცხადს მიღმა დარჩა.

პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის შემდეგ, სადაც რინერმა +100 კგ წონით კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა და საფრანგეთის ნაკრებს შერეულ გუნდურ ასპარეზობაში ტიტულის შენარჩუნებაში დაეხმარა, საერთაშორისო ტურნირებზე არ გამოჩენილა. ხანგრძლივი პაუზის გამო, ფრანგი გოლიათი ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის (IJF) მსოფლიო რეიტინგიდან საერთოდ გაქრა.

სწორედ რეიტინგის არქონა გახდა ბაქოს ტურნირისთვის დამატებითი ბარიერი. მოქმედი რეგლამენტის თანახმად, მსოფლიო პირველობაზე ასპარეზობისთვის სპორტსმენი თავის წონით კატეგორიაში მსოფლიოს საუკეთესო 100 ძიუდოისტს შორის უნდა იყოს. ვინაიდან რინერს სარეიტინგო ქულები აღარ ერიცხებოდა, ტურნირზე მოხვედრის ერთადერთ შანსად საერთაშორისო ფედერაციისგან სპეციალური მიწვევის (Wild Card) მიღება რჩებოდა.

მხრის ტრავმის გამო, უაილდ ქარდის თემაც დღის წესრიგიდან მოიხსნა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მძიმე წონის მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ძიუდოს ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი სპორტსმენის გარეშე გათამაშდება. ფრანგის ანგარიშზე მსოფლიო ჩემპიონის სარეკორდო, 11 ინდივიდუალური ტიტულია, რომელთაგან პირველი რიო დე ჟანეიროში, 2007 წელს მოიპოვა, ხოლო ბოლო დოჰაში, 2023 წელს.

ეს გადაწყვეტილება იმაზეც მიანიშნებს, რომ რინერს სწრაფად დაბრუნების მიზეზი არ აქვს. პარიზის ისტორიული ოლიმპიადის შემდეგ, 37 წლის სპორტსმენის პრიორიტეტები შეიცვალა - ამ ეტაპზე ყოველი ტურნირი მის გრძელვადიან გეგმებს უნდა ერგებოდეს და არა უბრალოდ სტატისტიკის შევსებას.

არადა, ბაქოს ტურნირი ინტრიგას ნამდვილად გვპირდებოდა. რინერის არყოფნაში +100 კგ წონით კატეგორიაში კონკურენცია კიდევ უფრო გამწვავდა; ლიდერებს შორის არის მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ინალ ტასოევიც, რომელმაც ახლახან ლოზანის გრან სლემზე გაიმარჯვა. მათი შესაძლო დაპირისპირება დოჰას 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დასამახსოვრებელი ფინალის შემდეგ დიდ ყურადღებას მიიპყრობდა.

თუმცა, ამ ორთაბრძოლის ხილვა გულშემატკივრებს მოგვიანებით მოუწევთ. ბაქო მსოფლიო ჩემპიონს ტედი რინერის გარეშე გამოავლენს, ფრანგი სუპერვარსკვლავი კი ყურადღებას მხრის სრულფასოვან რეაბილიტაციაზე გადაიტანს, რის შემდეგაც გადაწყვეტს, როდის დაიწყება მისი კარიერის ბოლო თავი.

სხვა სტატიები