Belive

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა

2 წლის წინ ქართული სპორტი
3 წთ
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ, მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ მსოფლიო რეიტინგი განაახლა, სადაც დიდი ცვლილებებია.

-60 კგ

მიუხედავად იმისა, რომ -60 კგ წონით კატეგორიაში, მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებს წარმომადგენელი არ ჰყავდა, მსოფლიო რეიტინგში ლუხუმ ჩხვიმიანი ორი პოზიციით ჩამოქვეითდა და მეათე ადგილზე გადაინაცვლა. ლუხუმიც აქტივში 4792 სარეიტინგო ქულაა. ამ წონით მეორე ადგილზე გადაინაცვლა რუსეთის სახელით მოასპარეზე - იაგო აბულაძემ, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. იაგო აბულაძის მონაგარი 6293 სარეიტინგო ქულაა და იგი 9 პოზიციით დაწინაურდა (მე-11 ადგილიდან გადაინაცვლა მე-2 ადგილზე).

-66 კგ

-66 კგ წონით კატეგორიაში ერთი პოზიციით დაქვეითდა ვაჟა მარგველაშვილი, რომელმაც მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა (5885 ქულა). სამი ადგილით დაწინაურდა და მსოფლიო რეიტინგის მეორე ნომერი გახდა იაპონელი - ჯოშირო მარუიამა (6950 ქულა).

-73 კგ

-73 კგ წონით კატეგორიაში დიდი წინსვლა გვაქვს. 2012 წლის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ევროპის ჩემპიონმა და ახლა უკვე მსოფლიო ჩემპიონმა - ლაშა შავდათუაშვილმა მსოფლიო ჩემპიონობის მოპოვებით დიდი წინსვლა განიცადა და 9 საფეხურით წინ წავიდა. მე-12 ადგილიდან მე-3 ადგილზე გადაინაცვლა და 5825 ქულა აქვს.

 -81 კგ

ერთი პოზიციით დაწინაურდა მსოფლიოს ვიცე ჩემპიონი - ტატო გრიგალაშვილი. მან მეოთხე ადგილიდან მესამე ადგილზე გადაინაცვლა და ახლა მისი მონაგარი 6621 სარეიტინგო ქულაა. უცვლელია ლუკა მაისურაძის პოზიცია, ლუკა მე-17 ადგილზეა და 3870 სარეიტინგო ქულა აქვს.

-90 კგ

-90 კგ წონით კატეგორიაში წინსვლა არ გვაქვს. ბექა ღვინიაშვილიც და ლაშა ბექაურიც ორივე დაქვეითდნენ. ლაშა ბექაურმა მესამე ადგილიდან მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა და მის ანგარიშზე 5782 ქულაა. რაც შეეხება ბექა ღვინიაშვილს, ღვინიაშვილი მე-7 ადგილიდან მერვეზე გადავიდა და მის ანგარიშზე 5141 ქულაა. რეიტინგის პირველ ნომერად დარჩა ნიკოლოზ შერაზადიშვილი, რომელსაც 9611 ქულაა.

-100 კგ

-100 კგ წონით კატეგორიაში წონის ლიდერი დარჩა ვარლამ ლიპარტელიანი, რომელსაც 7926 ქულა აქვს. მეორე ადგილზე გადაინაცვლა ორგზის მსოფლიო ჩემპიონმა, პორტუგალიელმა - ფონსეკამ (7132 ქულა). სადებიუტო მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლის მოპოვების შემდეგ, დიდი წინსვლა აქვს ილია სულამანიძეს, რომელიც 11 პოზიციით დაწინაურდა და მე-20 ადგილზე გადაინაცვლა. სულამანიძეს 3026 სარეიტინგო ქულა აქვს.

+100 კგ

მძიმე კატეგორიაშიც არ გვაქვს წინსვლა, წონის ლიდერი გახდა რუსი - ტამერლან ბაშაევი (6971 ქულა), რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში იასპარეზა, თუმცა დამარცხდა. მეხუთე ადგილიდან მეექვსე ადგილზე დაქვეითდა გურამ თუშიშვილი (6163 სარეიტინგო ქულა). ასევე ერთი პოზიციით დაქვეითდა და მეათე ადგილზე გადაინაცვლა გელა ზაალიშვილი, რომლის ანგარიშზეც 5063 სარეიტინგო ქულაა.

სხვა სტატიები