81-დან 90-ში | არბუზოვმა წონის ცვლილება დაადასტურა
რუსი ძიუდოისტის, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის (81 კგ წონით კატეგორიაში) ტიმურ არბუზოვის მიერ 90 კგ წონით კატეგორიაში შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებით რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალია ცნობილი.
22 წლის რუსმა ძიუდოისტმა დაადასტურა, რომ იგი 81 კგ-დან 90-კგ ში გადადის.
ახალ წონაში გადასვლის გეგმა
არბუზოვმა განაცხადა, რომ გეგმავს 90 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობას, თუმცა აღნიშნა, რომ ამ ნაბიჯის სრულფასოვნად გადადგმას 2028 წლის ლოს-ანჯელესის ოლიმპიური თამაშების შემდეგ აპირებს, რადგან იქამდე შესაძლოა სრულფასოვან ფორმაში ვერ შევიდეს და წონას ალღო ვერ აუღო, სწორედ ამიტომ, მას სურს, რომ ახალ წონაში ახალი ციკლი დაიწყოს.
ყველაფრის მთავარი მიზეზი წონის კლებაა - 81 კგ-ში გამოსვლისას სპორტსმენს უწევს წონის რეგულარული დაკლება, რაც ორგანიზმისთვის დამატებითი სტრესია. ასევე, ახალგაზრდა ასაკის (2004 წელს დაბადებული) გამო მისი ფიზიკური მონაცემები იცვლება და ბუნებრივი წონა იმატებს.
არბუზოვს 90 კგ კატეგორიაში ძალები უკვე გამოცდილი აქვს ( ევროპის თასზე მალაგაში, სადაც 90 კგ-ში ოქროს მედალი მოიპოვა).
81 კგ-მდე წონით კატეგორიაში არბუზოვის მთავარი კონკურენტი ქართველი ფალავანი, ოლიმპიური ვიცე-ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილია. მათ შორის ტატამიზე არაერთი სერიოზული და დაძაბული დაპირისპირება შედგა (მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების ფინალებში).
90 კგ-ში გადასვლა მას საშუალებას მისცემს, თავი აარიდოს წონის მძიმე კლებას და მოსინჯოს ძალები ახალ, უფრო მძიმე და კონკურენტულ წონით კატეგორიაში.