შენგუნის ფენომენალური თამაში - თურქეთმა სერბეთი ეპიკურ ბრძოლაში დაამარცხა
ევრობასკეტის მე-5 სათამაშო დღის ბოლოს A-ჯგუფში, თურქეთსა და სერბეთს შორის ნამდვილი საკალათბურთო დრამა გაიმართა.
A-ჯგუფის პირველობისთვის მატჩში, თურქეთმა სერბეთი 95:90 დაამარცხა - საღამოს მთავარი გმირი კი ალპერენ შენგუნი გახდა, რომელსაც სამმაგ დუბლამდე მხოლოდ 2 შედეგიანი გადაცემა დააკლდა. თურქეთის ნაკრების ლიდერმა 28 ქულა, 13 მოხსნა და 8 ასისტი დააგროვა.
შედეგიანი მატჩი ჰქონდა შეინ ლარკინსაც (23 ქულა, 2 მოხსნა, 9 ასისტი). სერბეთს კი კვლავ ნიკოლა იოკიჩმა ულიდერა, თუმცა მის მიერ დაგროვებული 22 ქულა, 9 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.
თურქეთმა ქვეჯგუფში ასპარეზობა 5 გამარჯვებით დაასრულა, პირველი ადგილი დაიკავა და პლეი-ოფში შვედეთს დაუპირისპირდება. მეორეადგილოსანი სერბეთი (4-1) პლეი-ოფში ფინეთის ბარიერის გადალახვას შეეცდება.