Belive

ორლანდოს გამარჯვება და სან ანტონიოს მარცხი | ბითაძემ შარლოტს 6 ქულა ჩაუგდო

1 თვის წინ კალათბურთი
2 წთ

NBA-ის რეგულარული სეზონის მორიგი შეხვედრები ჩაატარეს ქართველების გუნდებმა. "ორლანდო მეჯიქმა" საკუთარ "კია ცენტრში" "შარლოტ ჰორნეტსი" მიიღო და მეტოქე 20 ქულის სხვაობით, 112:92 დაამარცხა. "სან ანტონიო სპურსმა" "დალას მავერიქსს" უმასპინძლა და 107:113 წააგო.

ორლანდოს შემადგენლობაში შედარებით მეტი დრო დაუთმეს ქართველ ცენტრს, გოგა ბითაძეს. პარკეტზე გატარებულ 9 წუთში გოგამ შარლოტს 6 ქულა ჩაუგდო, 3-ჯერ მოხსნა ბურთი, გააკეთა 2 შედეგიანი გადაცემა და მეტოქეს 1-ელ დააფარა. აღსანიშნავია, რომ სამივე მოხსნა შეტევაში ჰქონდა.

გუნდს 21 ქულით კოულ ენტონიმ ულიდერა, ბანკერო ტრადიციულად შედეგიანი ვერ იყო, თუმცა მან და ძმებმა ვაგნერებმა ქულები გადაინაწილეს. ბანკეროსა და მორიც ვაგნერს 13-13, ხოლო ფრანც ვაგნერს 11 ქულა ჰქონდა.

რაც შეეხება სან ანტონი სპურსსა და სანდრო მამუკელაშვილს, ქართველს სათამაშოდ არცერთი წუთი არ მიეცა. მატჩის ყველაზე მაღალქულიანი მოთამაშე კაირი ირვინგი გახდა, რომელმაც სპურსს 28 ქულა ჩაუგდო, თუმცა შეხვედრის საუკეთესო კალათბურთელი უდავოდ ლუკა დონჩიჩია, რომელმაც სამმაგი დუბლი შეასრულა - 18 ქულით, 10 მოხსნითა და 16 შედეგიანი გადაცემით.

ვიქტორ ვემბანიამამ ორმაგი დუბლი დააფიქსირა, ფრანგს 32 წუთში 12 ქულა და 11 მოხსნა ჰქონდა, ტრადიციულად, ძალიან კარგი იყო დაცვაში და მეტოქეს 6-ჯერ დააფარა.

სან ანტონიოსა და ორლანოს ამ სეზონში აბსოლუტურად განსხვავებული მიზნები აქვთ, მეჯიქი 41 მოგებით აღმოსავლეთ კონფერენციის მე-5 ადგილზეა და მყარად დგას პლეი-ოფის ზონაში, ხოლო სპურსი დასავლეთ კონფერენციის ბოლოადგილოსანია, გრეგ პოპოვიჩის გუნდს სეზონში მხოლოდ 15-ჯერ მოიგო.

სხვა სტატიები