Belive

ჯოელ ემბიდი მენისკის ოპერაციას გაიკეთებს

2 თვის წინ კალათბურთი
2 წთ

ამ სეზონში, ჯოელ ემბიდმა უკვე 14 თამაში გამოტოვა და არის იმის საშიშროება, რომ სეზონის ბოლოს ინდივიდუალური ჯილდოებისთვის ვეღარ იბრძოლოს, რადგან NBA-ის ახალი წესები კალათბურთელს გარკვეული რაოდენობის მატჩების ჩატარებას ავალდებულებს.

"სიქსერსის" ვარსკვლავს მარცხენა მუხლის მენისკი აწუხებს, როგორც გაირკვა ოპერაცია აუცილებელია, ჯოელი დიდ დროს გამოტოვებს, თუმცა არის იმის შანსი, რომ ემბიდმა სეზონის ბოლომდე დაბრუნება მოახერხოს. ემბიდს ეს ტრავმა ბოლო კვირებია აწუხებს, მან ჯერ 27 იანვარს, "დენვერთან", 29 იანვარს კი "პორტლენდთან" მატჩები გამოტოვა.

ემბიდი პარკეტზე 30 იანვარს, "გოლდენ სტეიტის" წინააღმდეგ დაბრუნდა, სადაც 30 წუთში 14 ქულა და 7 მოხსნა ჰქონდა, მაგრამ შეხვედრის დასრულებამდე 4 წუთით ადრე ტკივილით გასახდელში დაბრუნდა. ხუთშაბათს, სიქსერსი 75 000 დოლარით იმისთვის დაჯარიმდა, რომ დენვერთან მატჩის წინ ემბიდი ტრავმის შესახებ მოხსენებაში „ზუსტად და დროულად“ არ შეიყვანეს.

ჯოელ ემბიდი NBA-ის მოქმედი MVP-ია, ამ სეზონში კი მისი საშუალო მაჩვენებლები 35.3 ქულა, 11.3 მოხსნა და 5.7 პასია. მან ფილადელფიას 48 თამაშიდან მონაწილეობა 34-ში მიიღო. NBA-ში არსებული ხელშეკრულების ფარგლებში, მოთამაშეებმა უნდა ითამაშონ მინიმუმ 65 თამაში, რათა მიიღონ ინდივიდუალური ჯილდოები, მათ შორის MVP, წლის საუკეთესო მცველი და NBA-ის წლის გუნდში ადგილი.

სხვა სტატიები