Belive

FIBA: "საქართველომ ისტორია დაწერა"

1 წლის წინ კალათბურთი
4 წთ

2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით ტურში საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ისლანდიას უმასპინძლა და 3-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 77:80 დამარცხდა.

საქართველოს მსოფლიო ჩემპიონატზე გასასვლელად დღეს მოგება ან 3 ქულაზე მეტით არწაგება სჭირდებოდა (თუ მეტოქე 89 ქულაზე მეტს ჩააგდება და მოიგებდა, მაშინ საქართველოს მხოლოდ 1 ან 2 ქულით წაგება აძლევდა ხელს). შედეგად, ისტორიაში პირველად, ჩვენი ნაკრები მსოფლიო პირველობაზე იასპარეზებს.

მსოფლიო კალათბურთის მმართველი ორგანო საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების ისტორიულ შედეგს ეხმაურება. FIBA-ს ოფიციალურ ვებგვერდზე ვრცელი სტატია განთავსდა.

თორნიკე შენგელიამ, გიორგი შერმადინმა და თად მაკფადენმა ქართული კალათბურთის ისტორიაში საკუთარი სახელები ოქროს ასოებით ჩაწერეს - ისტორიაში პირველად, საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებს.

საქართველო ისლანდიასთან 77:80 დამარცხდა, რაც სრულებით საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ საქართველო მსოფლიო პირველობაზე იასპარეზოს. ილიას ზუროსის გუნდმა L-ჯგუფში მე-3 ადგილი დაიკავა, ვარსკვლავურმა ტრიომ კი ისლანდიასთან გამარტულ შეხვედრაში 60 ქულა დააგროვა.

"შესაძლოა ეს ჩემს კარიერაში ყველაზე ემოციური მატჩი იყოს. სიტყვებით ვერ აღვწერ იმას, თუ რას ვგრძობ ამ წუთას. უზომოდ მოხარული ვარ, რომ შევძელით ჩვენი ხალხის გახარება", - თორნიკე შენგელია.

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი - ილიას ზუროსი, ნაკრების კაპიტნის პერფორმანსით აღფრთოვანებულია და მის საქციელს გმირობას უწოდებს. შენგელიამ ნიდერლანდებთან გამართულ შეხვედრაში 25 ქულა დააგროვა, რის შემდეგაც დაუყოვნებლივ იტალიაში გაფრინდა და "ვირტუსს" უმნიშვნელოვანესი გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა. ევროლიგის მატჩის შემდეგ, შენგელია საქართველოში დაბრუნდა და საქართველოს ნაკრებს ისტორიულ დაპირისპირებაში უკაპიტნა.

"ეს არის ის, რისი მსგავსიც ცხოვრებაში არასდროს მინახავს. ის ყველაზე დიდი პატრიოტია. შენგელია თავის გულს ყველას უზიარებს", - ილიას ზუროსი.

თად მაკფადენმა ისლანდიის წინააღმდეგ გამართულ მატჩში 17 ქულის დაგროვება შეძლო. მედიასთან საუბარში მან აღნიშნა, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მარცხით გახარებულია.

"ჩემს ცხოვრებაში ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მარცხით გახარებული ვარ. აქ ყოფნით უზომოდ ბედნიერი ვარ. ვერ წარმოიდგენთ, შეიძლება ახლა ვიტირო, იმდენად ბედნიერი ვარ. ეს გამარჯვება ყველასთვის ძალიან ბევრს ნიშნავს", - თად მაკფადენი.

ილიას ზუროსის სამწრვთნელო კარიერა 1986 წელს დაიწყო, მგრამ შეიძლება ითქვას, რომ კარიერის საუკეთესო შედეგს სწორედ ახლა მიაღწია.



"ჩემს საკალათბურთო კარიერაში ეს საუკეთესო დღეა. ჩემს ემოციებს ვერ გადმოგცემთ. ჩემი მოთამაშეებით, გუნდითა და ყველა გარშემომყოფით ვამაყობ. ჩვენ მსოფლიო ჩემპიონატის საგზური მოვიპოვეთ, რომელიც ნამდვილად გვეკუთვნოდა. ეს ისტორიაში პირველად მოხდა, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ საომავლოდ მსოფლიო ჩემპიონატის მუდმივი მონაწილეები ვიქნებით", - ილიას ზუროსი.

უკანასკნელ პერიოდში საქართველო ევროპის ერთ-ერთ უძლიერეს გუნდად ჩამოყალიბდა. საქართველოს ნაკრებმა უკანასკნელ 5 ევრობასკეტზე მიიღო მონაწილეობა, მაგრამ მსოფლიო პირველობა დღემდე აუხდენელ ოცნებად რჩებოდა.

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების რიგებში ერთ-ერთ გამორჩეულ მოთამაშედ გიორგი შერმადინი მოგვევლინა, რომელმაც ისლანდიასთან გამართულ შეხვედრაში 23 ქულა დააგროვა. აღსანიშნავია, რომ შერმადინმა 9-დან 9 ორქულიანი ჩააგდო.

"ემოციურად დატვირთული მატჩის შემდეგ, ამ მომენტით უნდა დავტკბეთ. იმედია, მსოფლიო ჩემპიონატის საგზური ქვეყანას დადებით მუხტს მისცემს. ჩვენ გვჭირდება მეტი და მეტი საკალათბურთო დარბაზი. უფრო მეტი ბავშვი გვჭირდება, რომელსაც სპორტის ეს სახეობა ეყვარება", ილიას ზუროსი.

სხვა სტატიები