ბითაძის 9 ქულა დეტროიტთან | ორლანდომ პირველადგილოსანს მოუგო
NBA-ის რეგულარული სეზონის მატჩში, ორლანდო მეჯიქმა დეტროიტ პისტონსს უმასპინძლა და 123:107 დაამარცხა. ეს ორლანდოსთვის უმნიშვნელოვანესი გამარჯვება იყო, რადგან რეგულარულის დასრულებამდე 3 მატჩია დარჩენილი და გუნდი პლეი ოფის ზონაში მოსახვედრად იბრძვის (1-6 ადგილები).
გოგა ბითაძემ პარკეტზე 24 წუთი გაატარა - ქართველმა ცენტრმა მეჯიქს 9 ქულა, 4 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 3 დაფარება მოუტანა. გოგამ 6-დან 4 სროლა გამოიყენა.
ამ მომენტისთვის, 79 ჩატარებული შეხვედრიდან, ორლანდომ 43 მოიგო და აღმოსავლეთ კონფერენციის მერვე ადგილზეა, გუნდი პლეი ინიდან ვერ ამოვარდება (7-10 ადგილები), თუმცა მეექვსე ადგილზე მყოფ ტორონტოსაც, სადაც სანდრო მამუკელაშვილი თამაშობს, 43 მოგება აქვს - შესაბამისად, უკეთესი ადგილების დასაკავებლად ბრძოლა, რეგულარულის ბოლომდე გაგრძელდება. დეტროიტი აღმოსავლეთში პირველზეა, ორლანდოს კი დარჩენილ 3 შეხვედრაში მეორეადგილოსან ბოსტონთან დაპირისპირებაც მოუწევს.