"არც ოჯახის და არც კონკრეტული ადამიანის მიმართ არაფერი მითქვამს" - გოგა ბითაძე
NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ შეხვედრაში ორლანდო მეჯიქი ლოს ანჯელეს ლეიკერსთან ბოლო წამზე ჩაგდებული სამქულიანით 104:105 დამარცხდა.
მატჩის მიმდინარეობისას ლუკა დონჩიჩსა და გოგა ბითაძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება შედგა, რის შემდეგაც სლოვენიელმა კალათბურთელმა ორმაგი ტექნიკური ფოლი მიიღო და მოედანი დაატოვებინეს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ მომხდარ ფაქტზე მედიასთან ორივე კალათბურთელმა ისაუბრა:
გოგა ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა, უფრო კონკრეტულად ეს იყო გინება ჩემი ოჯახის მიმართ. მან ეს სერბულ ენაზე თქვა და მსაჯმა სწორედ ამიტომ ვერ გაიგო. ამ მომენტის დროს თავი ვერ შევიკავე და ემოციებს ავყევი, მაგრამ ვიცი, რომ ეს არ უნდა გამეკეთებინა, რადგან ჩემს უკან თანაგუნდელები არიან და მე მათ იმედი გავუცრუე. - ლუკა დონჩიჩი
თავის მხრივ მომხდარ ინციდენტზე გოგამ ბითაძემაც გააკეთა კომენტარი:
მე დიდ პატივს ვცემ ლუკას და ყველას ოჯახს, საიდანაც მე მოვდივარ ოჯახი წმინდაა და ერთმანეთის ოჯახებს პატივს ვცემთ, სწორედ ამიტომ მე ამას არასდროს ვიტყოდი. მატჩის მიმდინარეობისას მან რამდენიმე შეუფერებელი სიტყვა თქვა სერბულ ენაზე, მე სერბეთში ვთამაშობდი და გავიგე რაც თქვა, ამიტომ მას უბრალოდ ვუპასუხე, შესაძლოა ვერც კი წარმოიდგენდა თუ მე ამას გავიგებდი, მაგრამ არც ოჯახის და არც კონკრეტული ადამიანის მიმართ არაფერი მითქვამს. თუ ზღვარს გადავაჭარბე ბოდიშს ვიხდი. - გოგა ბითაძე
ასევე გეტყვით, რომ გოგა ბითაძემ მატჩში 18:06 წუთი ითამაშა, რა დროშიც 9 ქულა (3-დან 3 ორქულიანი, 4-დან 3 საჯარიმო) 7 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.
შეხვედრაში ყველაზე მეტი 33 ქულა ლუკა დონჩიჩმა ჩააგდო, 26 ქულა ჰქონდა ოსტინ რივზს, ხოლო ორლანდოდან 16 ქულით პაოლო ბანკერო გამოირჩა.
ორლანდო მეჯიქი აღმოსავლეთ კონფერენციაში 38 მოგებით და 32 მარცხით მე-8 პოზიციაზეა. მომდევნო შეხვედრას ქართველი კალათბურთელის გუნდი 24 მარტს, ინდიანა პეისერსის წინააღმდეგ გამართავს.