ზიდანის პირველი ამოცანა მბაპესა და დემბელეს 'ბანაკების' გაერთიანება იქნება
2026 წლის „ოქროს ბურთის“ ირგვლივ ატეხილი მედია-ომი არ ცხრება. კილიან მბაპესა და უსმან დემბელეს საჯარო განცხადებების შემდეგ, მოსალოდნელია, რომ საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ვარსკვლავები ურთიერთობას ზინედინ ზიდანის პირველივე შეკრებაზე გაარკვევენ.
ფრანგ თავდამსხმელებს შორის არსებულმა დაპირისპირებამ ახალი მასშტაბი შეიძინა. ბრესტთან მოპოვებული მინიმალური გამარჯვების (0:1) შემდეგ, პარიზელთა ფორვარდმა Ligue 1+-ის ეთერში ისარგებლა შემთხვევით და თანაგუნდელის ბოლოდროინდელ რეპლიკას უპასუხა: „მე არასდროს ვყოფილვარ 'რჩეული'; ბევრი ვიშრომე და პარი სენ-ჟერმენში ჩატარებული ფანტასტიკური სეზონით დამსახურებული აღიარება მივიღე“. ეს გახლდათ პირდაპირი პასუხი მბაპეს სიტყვებზე, რომელმაც აღნიშნა, რომ მას „ყოველთვის 'რჩეულად' აღიქვამდნენ“.
როგორც ირკვევა, დემბელეს ეს განცხადება სულაც არ ყოფილა იმპროვიზაცია. RMC Sport-ის ცნობით, პარიზულმა კლუბმა და ფეხბურთელმა ეს განცხადება მატჩამდე გათვალეს. პასუხი წინასწარ იყო დაგეგმილი, მაუწყებელთან ინტერვიუ კი - შეთანხმებული. „ის მივა მიკროფონთან, თუმცა 'ოქროს ბურთზე' კითხვა აუცილებლად უნდა დაუსვათ, წინააღმდეგ შემთხვევაში ინტერვიუ არ შედგება“ - ასეთი პირობა წაუყენებია პსჟ-ს, რათა მბაპესთვის ორგანიზებული პასუხი გაეცათ.
Nouvelles révélations sur les tensions entre Ousmane Dembélé et Kylian Mbappéhttps://t.co/CEpFMCto4N
— Foot Mercato (@footmercato) September 15, 2026
ვრცელდება ცნობები, რომ ფეხბურთელებს შორის არსებული დაძაბულობა ნაკრების გასახდელს ორ ბანაკად ყოფს. ასე რომ, ზინედინ ზიდანს ეროვნულ გუნდში პირველივე დღეებიდან სერიოზული „ცხელი კერის“ ჩაქრობა მოუწევს.