Belive

ტრამპმა ფიფას ოფიციალურად მიმართა, მსოფლიო ჩემპიონატზე ირანი იტალიით ჩაანაცვლონ

3 დღის წინ ფეხბურთი
2 წთ

Financial Times-ის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წარმომადგენელმა FIFA-ს მიმართა თხოვნით, რომ მოახლოებულ მსოფლიო ჩემპიონატზე ირანის ადგილი იტალიამ დაიკავოს.

გამოცემის ინფორმაციით, ეს გეგმა ტრამპსა და იტალიის პრემიერმინისტრ ჯორჯია მელონის შორის ურთიერთობების გამოსწორებას ისახავს მიზნად. მათ შორის უთანხმოება მას შემდეგ წარმოიშვა, რაც ამერიკის პრეზიდენტმა პაპი ლეო XIV ირანის ომის გამო გააკრიტიკა.

გლობალური პარტნიორობის საკითხებში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლის, პაოლო ძამპოლის თქმით, იტალიის ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატზე ხილვა, მისი ოცნებაა. ძამპოლი დონალდ ტრამპის ახლო მეგობარია.

„ვადასტურებ, რომ ტრამპსა და ინფანტინოს შევთავაზე იტალიის მიერ ირანის ჩანაცვლება მსოფლიო ჩემპიონატზე. მე წარმოშობით იტალიელი ვარ და ჩემი ოცნებაა, აშშ-ში აძური ვიხილო. 4 ჩემპიონობით მათ ნამდვილად აქვთ შესაბამისი ავტორიტეტი, რათა მათი მონაწილეობა გამართლებული იყოს.'' - პაოლო ძამპოლი

მარტში ირანის ფეხბურთის ფედერაციამ მატჩების კანადაში ან მექსიკაში გადატანა მოითხოვა, რაც ფიფამ უარყო. მიუხედავად იმისა, რომ ტრამპმა ირანელ ფეხბურთელებს ,,სასურველი სტუმრები" უწოდა, მან ასევე დასძინა, რომ მათი ჩამოსვლა ,,პოტენციურად სახიფათო" იქნებოდა. FT-ის ცნობით, ირანმა ოთხშაბათს განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ქვეყანა ტურნირისთვის მზადაა და მასში მონაწილეობას გეგმავს.

,,ფიფამ შეიძლება გადაწყვიტოს მონაწილე წევრი ასოციაციის ჩანაცვლება სხვა ასოციაციით," - წერია ფიფას წესდებაში. აღსანიშნავია, რომ გასულ ზაფხულს, საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის წინ, ფიფამ სწორედ ეს უფლება გამოიყენა და ტურნირზე ლეო მესის ინტერ მაიამი დაუშვა.

ირანი მსოფლიო ჩემპიონატის G ჯგუფში, ბელგიის, ეგვიპტისა და ახალი ზელანდიის ნაკრებებთან ერთად მოხვდა. მათი სამივე მატჩი აშშ-შია ჩანიშნული.

რაც შეეხება იტალიას, მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონები მუნდიალის შესარჩევი ეტაპის პლეი-ოფში ბოსნიასთან დამარცხდნენ და ტურნირის მიღმა ზედიზედ მესამედ დარჩნენ.

View this post on Instagram

A post shared by Goal (@goal)