Belive

ვინისიუსი: "თუ რამე ვიცი, ყველაფერი ნეიმარისგან ვისწავლე"

5 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბრაზილიის ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა, ვინისიუს ჟუნიორმა, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დაწყების წინ, თავისი მოლოდინები გააზიარა და იმედი გამოთქვა, რომ ნეიმარი, რომელიც ტრავმის შემდეგ აღდგენით პროცესს გადის, მოედანს მალე დაუბრუნდება. სელესაოს სადებიუტო მატჩს მსოფლიო ჩემპიონატზე მაროკოს ნაკრების პირისპირ ნეიმარი ტრავმის გამო გამოტოვებს. ამავე დროს, ვინისიუსმა ხაზი გაუსვა ეროვნული გუნდისთვის გამოცდილი პარტნიორის მნიშვნელობას.

"ნაკრებში გატარებული დღეები ჩემს ცხოვრებაში საუკეთესოა. აქ საოცარი ადამიანების გარემოცვაში ვარ. ბავშვობიდან ისეთ ფეხბურთელებთან ერთად ვთამაშობდი, როგორებიც არიან ლუკაშ პაკეტა და ბრუნო გიმარაეში. ნაკრების მოთამაშეები ყოველთვის ჩემი მეგობრები იყვნენ და ქვეყნის წარდგენა უდიდესი სიხარულია. ამაზე უკეთესი არაფერი არსებობს.

რაც შეეხება ნეიმარს, იმედი მაქვს, ის მალე დაბრუნდება. ის ჩემი კერპია. ყველა ფინტი, რაც კი მისწავლია, მისგან გადმოვიღე. ყველაფერი, რასაც მოედანზე ვაკეთებდი, მისი მიბაძვის მცდელობა იყო. მისი დაბრუნება ძალიან მნიშვნელოვანია, ეს რაღაც განსაკუთრებული მომენტია. ის ყოველთვის მაძლევდა რჩევებს.

იმედი მაქვს, ის დაძაბულობა, რომელიც ახსენეთ, ხვალ გაქრება. მოუთმენლად ველოდებით ბრაზილიის წარდგენას და კიდევ ერთ მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშს. სიხარული ჩვენში ცოცხლობს და იმედი მაქვს, აქ, ნიუ იორკში, ამას ყველას ვუჩვენებთ", - ამბობს ვინიიუსი.

ბრაზილიისა და მაროკოს ნაკრებები მსოფლიოს ჩემპიონატის C ჯგუფის საწყის მატჩში ერთმანეთს ნიუ იორკში, მეტლაიფ არენაზე შეხვდებიან. მატჩი 14 ივნისს გაიმართება და თბილისის დროით 02:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები