ტონი კროოსი: "თუ ესპანეთი პირველი გაიტანს, მაშინ არგენტინა 3 ან 4 გოლს გაუშვებს"
მსოფლიო ჩემპიონატის დღევანდელ დიდ ფინალამდე რამდენიმე საათით ადრე, გერმანიის ნაკრებისა და მადრიდის რეალის ლეგენდარულმა ნახევარმცველმა - ტონი კროოსმა, მატჩის ტაქტიკური ანალიზი გააკეთა და არგენტინის ნაკრები 'გააფრთხილა'.
კროოსის აზრით, ლუის დე ლა ფუენტეს ესპანეთი იმდენად სახიფათოა უპირატესობის მოპოვების შემდეგ, რომ „ალბისელესტეს“ კატასტროფა ელის, თუ ანგარიშს პირველივე წუთებზე ვერ გააკონტროლებს.
კროოსმა პირდაპირ შეადარა არგენტინის ნაკრები თავის მშობლიურ გუნდს და აღნიშნა, რომ წმინდა სათამაშო კლასით სამხრეთამერიკელები ევროპულ გრანდებს ჩამორჩებიან, თუმცა მათ სხვა კოზირები აქვთ
„თუ ესპანეთი პირველი გაიტანს, მაშინ არგენტინა 3 ან 4 გოლს გაუშვებს. როდესაც ესპანეთისნაირი გუნდი იგებს და თავისი სათამაშო გეგმის კომფორტულად განხორციელების საშუალება ეძლევა, მათთან დაპირისპირებას არავის ვუსურვებ. არგენტინელები უბრალოდ ვერ იპოვიან გამოსავალს.
ისინი გერმანიაზე უკეთესები არ არიან, მაგრამ აქვთ კოლოსალური მენტალიტეტი და, რაც მთავარია, ჰყავთ მესი." - ტონი კროოსი
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის გრანდიოზული ფინალი ესპანეთსა და არგენტინას შორის დღეს, 19 ივლისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
გამართლდება თუ არა კროოსის პროგნოზი, თუ მესის ფაქტორი და არგენტინული ხასიათი კიდევ ერთხელ გადაწერს საფეხბურთო ისტორიას, ამას სულ მალე, მინდორზე ვიხილავთ.