ჩემპიონთა ლიგა 2026/2027 | ლივერპული 'სამეფო კლუბს' ენფილდზე ვეღარ უმასპინძლებს
უეფას წესების თანახმად, ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის ჯგუფურ ეტაპზე ლივერპულისა და მადრიდის რეალის დაპირისპირება „ენფილდზე“ ვეღარ შედგება.
„მერსისაიდელებმა“ ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის საწყის ეტაპზე 'სამეფო კლუბს' საკუთარ მოედანზე ზედიზედ ორ სეზონში უმასპინძლეს. თუმცა, ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ შემოიღო ახალი რეგულაცია, რომლის მიზანიცაა, ააცილოს ლიგის ეტაპზე ერთი და იმავე მატჩის ერთი და იმავე მასპინძლის პირობებში ზედიზედ სამი წელი განმეორება.
მიუხედავად ამისა, იმის შანსი, რომ ირაოლას გუნდს 'სანტიაგო ბერნაბეუზე' სტუმრობა მოუწიოს, ხუთშაბათს გასამართ წილისყრაზე კვლავ რჩება, რადგან თუ გუნდებს ერთმანეთთან შეხვედრა მოუწევთ, ეს მატჩი 'ენფილდზე' ვეღარ გაიმართება.
„უეფას ადმინისტრაციას შეუძლია განსაზღვროს წილისყრის ალტერნატიული პირობები საკლუბო შეჯიბრებების კომიტეტის მიერ დადგენილი პრინციპების შესაბამისად. მას ასევე აქვს უფლება, მოარგოს წილისყრის ნებისმიერი პირობა გამოუვალი სიტუაციების თავიდან ასაცილებლად ან/და უეფას აღმასკომის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, გაითვალისწინოს შესაბამისი შეზღუდვები.
უეფას საკლუბო შეჯიბრებების კომიტეტმა დაადგინა დამატებითი პირობა, რომელიც 2026/27 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის წილისყრაზე გავრცელდება: ნებისმიერი კონკრეტული დაპირისპირება ორ კონკრეტულ გუნდს შორის არ შეიძლება განმეორდეს იმავე ტურნირზე, იმავე მასპინძელ გუნდთან ერთად, ზედიზედ სამი სეზონის განმავლობაში.
ეს ნიშნავს, რომ თუ რომელიმე გუნდები, რომლებმაც უეფას ჩემპიონთა ლიგის 2024/25 წლების სეზონის ლიგის ეტაპზე ერთმანეთში უკვე ითამაშეს, 2025/26 წლების სეზონშიც კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს იმავე მასპინძელ გუნდთან, ეს კლუბები 2026/27 წლების სეზონში იმავე მასპინძელ გუნდთან ერთად წილისყრით ვეღარ დაწყვილდებიან.“ - ვკითხულობთ UEFA-ს დებულების 16.03 თავში
ლივერპულმა რეალთან გამართული ორივე წინა ლიგის ეტაპის მატჩი მოიგო. 2024/25 წლების სეზონში, განახლებული ფორმატის სადებიუტო წელს, ალექსის მაკ ალისტერისა და კოდი გაკპოს მიერ მეორე ტაიმში გატანილმა გოლებმა გუნდს 2:0 გამარჯვება მოუტანა.
დაახლოებით 1 წლის შემდეგ, ერთადერთი გოლი კვლავ მაკ ალისტერმა გაიტანა, როდესაც 61-ე წუთზე დომინიკ სობოსლაის ჯარიმას თავური დარტყმით გამოეხმაურა.