სკანდალი და ქაოსი იტალიის ნაკრებში | ვინ გაწვრთნის იტალიის ნაკრებს?!
იტალიის ეროვნულ ნაკრებში ვითარება უკიდურესად დაიძაბა. ანდრეა პირლოს კანდიდატურა, რომელიც მთავარი მწვრთნელის პოსტზე განიხილებოდა, რუსულ სპონსორებთან დაკავშირებული სკანდალისა და დიდი კრიტიკის ფონზე საბოლოოდ ჩაიშალა - თავად პირლომ სოციალურ ქსელში უკვე დაადასტურა, რომ ეროვნულ გუნდს არ ჩაიბარებს. პირლოს ჩახსნას, შესაძლოა, ტექნიკური დირექტორის, პაოლო მალდინის წასვლაც მოჰყვეს, რადგან ეს სწორედ მისი ხედვის მარცხად აღიქმება.
ამის შესახებ ინფორმაციას ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გავლენიანი იტალიური სპორტული გამოცემა "La Gazzetta dello Sport"-ი ავრცელებს.
Paolo Maldini pronto alle dimissioni dopo il caso Pirlo, il piano B del presidente FIGC Giovanni Malagò: Giorgio Chiellini nuovo Direttore tecnico con Antonio Conte grande favorito per la panchina della Nazionalehttps://t.co/lhluL1WxAu
— Calcio e Finanza (@CalcioFinanza) July 27, 2026
თუ მალდინი პოსტს დატოვებს, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი - ჯოვანი მალაგო, ახალ ტექნიკურ დირექტორად ჯორჯო კიელინის მოიაზრებს. იუვენტუსის ამჟამინდელ მენეჯერსა და ნაკრების ყოფილ კაპიტანს, შესაძლოა, უახლოეს დღეებში ოფიციალურად შესთავაზონ ეს საპასუხისმგებლო პოსტი.
ხელმძღვანელობაში ასეთი ცვლილების შემთხვევაში, ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ფავორიტად კვლავ ანტონიო კონტე სახელდება. მართალია, მალდინი კონტეს კანდიდატურის წინააღმდეგი იყო, მაგრამ კიელინის მოსვლის შემთხვევაში, რომელსაც კონტესთან შესანიშნავი პროფესიული და პირადი ურთიერთობა აკავშირებს, შეთანხმება სრულიად რეალური გახდება.
კონტეს ხელფასის ნაწილის დაფარვის მზადყოფნას სერია A-ს კლუბებიც გამოთქვამენ. ალტერნატიულ ვარიანტად რობერტო მანჩინის დაბრუნებაც განიხილება, თუმცა ფედერაციას დრო ცოტა აქვს - ერთობლივი გადაწყვეტილება სასწრაფოდ არის მისაღები, რადგან ერთ თვეში ნაკრებს ერთა ლიგაზე ბელგიასთან მატჩი ელის.
შეგახსენებთ, რომ პაოლო მალდინი იტალიის ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ დირექტორად 2 კვირის წინ დაინიშნა.