სიგიჟე ნეაპოლში | ნაპოლი კალიარის მატჩის ბილეთის შეძენას 400 000-ზე მეტი ადამიანი ცდილობდა
იტალიის სერია A-ს 2024/25 წლების სეზონი მრავალი გარემოებითაა საინტერესო - საჩემპიონო ბატალიები ბოლო ტურამდეა შემორჩენილი და მხოლოდ 24 მაისს გვეცოდინება, თუ ვინ მოიპოვებს სკუდეტოს - ნაპოლი თუ ინტერი...
ჩემპიონობის ბედი ნეაპოლურ გუნდზეა დამოკიდებული - თუ ნაპოლი შეძლებს და ბოლო ტურში, საკუთარ კედლებში კალიარის დაამარცხებს, ისინი ისტორიაში მეოთხედ შეძლებენ სკუდეტოს მოგებას.
ამ მატჩისთვის კი სრული სიგიჟე ხდებოდა ნეაპოლში, კერძოდ, ნაპოლისა და კალიარის მატჩის ბილეთის შეძენას 400 000-დან 450 000 ათასამდე ადამიანი ცდილობდა, ნეაპოლის მოსახლეობა კი სულ 908 ათასი ადამიანია.
Almost 400,000 are waiting#Napoli #NapoliCagliari pic.twitter.com/khHRJjzl75
— JanBei (@JanBeiT) May 19, 2025
სკუდეტოსთვის ბრძოლის პარალელურად, არანაკლები დაპირისპირება ჩემპიონთა ლიგაზე გამსვლელ ოთხეულში მოსახვედრადაა გაჩაღებული. ნაპოლი, ინტერი და ატალანტა ევროპის უპრესტიჟულეს საკლუბო ტურნირზე გარანტირებულად ითამაშებენ, თუმცა დარჩენილი მე-4 კვოტისთვის იუვენტუსი, რომა და ლაციო იბრძვიან.
ფინალური ტურის წინ, მომგებიან პოზიციაში ბიანკონერი იმყოფება, რომელიც 67 ქულით მე-4 ადგილს იკავებს. რომა 66 ქულით, მე-5 ადგილზეა, ხოლო მეექვსე ადგილოსან ლაციოს 65 ქულა აქვს. ყველაფერი სერია A-ს დასკვნით ტურში გადაწყდება, მაგრამ არსებობს თეორიული შანსი, რომ ჩემპიონთა ლიგაზე გამსვლელი მეოთხე გუნდის გამოსავლენად, მონეტის აგდება გახდეს საჭირო.