Belive

შესანიშნავი სტატისტიკა და შეუსრულებელი ტრანსფერი: რატომ ვერ გადავიდა ვიქტორ ოსიმენი ინგლისში?

2 დღის წინ ფეხბურთი
2 წთ

ვიქტორ ოსიმენი წლების განმავლობაში პრემიერ ლიგის რამდენიმე გრანდს, მათ შორის, „მანჩესტერ იუნაიტედს“, „ლივერპულს“, „არსენალსა“ და „ჩელსის“, არაერთხელ დაუკავშირეს, თუმცა მისი ტრანსფერი ნისლიან ალბიონზე ამ დრომდე არ შემდგარა. დღეს 27 წლის ნიგერიელი ფორვარდი სტამბოლის „გალათასარაის“ ღირსებას იცავს, სადაც ფენომენალურ ფორმაშია: თურქული კლუბის მაისურით ჩატარებულ 78 მატჩში მას უკვე 65 გოლი აქვს გატანილი.

ერთი შეხედვით, ოსიმენს ინგლისურ ფეხბურთში წარმატებისთვის ყველა საჭირო თვისება აქვს - სისწრაფე, ძალა და გოლის გატანის გამორჩეული ინსტინქტი.

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი თავდამსხმელი, ენდი კოული, GOAL-თან საუბრისას განმარტავს იმ მიზეზებს, რის გამოც ეს იდეალური ტრანსფერი ჯერ კიდევ არ განხორციელდა:


„ოსიმენს პრემიერ ლიგაში თავის დამკვიდრება ნამდვილად შეუძლია. გოლებს იტალიაშიც იტანდა და თურქეთშიც ბრწყინვალედ აგრძელებს. თუმცა, მსგავსი გარიგებები უამრავ ფარულ ფაქტორზეა დამოკიდებული. სხვა ჩემპიონატიდან მოთამაშის ტრანსფერი მხოლოდ ხელფასსა თუ სატრანსფერო თანხას არ უკავშირდება; არსებობს მრავალი დეტალი, რაც პროცესზე მოქმედებს. თუ ის პრემიერ ლიგაში გადავა, მჯერა, დიდი წარმატება ელის, თუმცა რთული სათქმელია, რომელ გუნდში აღმოჩნდება“ - ენდი კოული

კოულის პოზიციას იზიარებს „იუნაიტედის“ კიდევ ერთი ყოფილი ფორვარდი, ლუი საა.

„ოსიმენს ხასიათიც აქვს და ხარისხიც. ამასთან, მას ძალიან კარგი ევროპული გამოცდილება აქვს - საფრანგეთში წარმატებული იყო, იტალიაში „ნაპოლისთან“ ერთად ჩემპიონი გახდა, ახლა კი თურქეთში, „გალათასარაიში“, ბრწყინვალედ თამაშობს“ - ლუი საა

მიუხედავად იმისა, რომ ოსიმენის შესაძლებლობებს „იუნაიტედის“ ლეგენდა რიო ფერდინანდიც ღიად აქებდა, „ოლდ ტრაფორდის“ უფროსობას ჯერჯერობით კონკრეტული ნაბიჯი არ გადაუდგამთ და აქცენტი სხვა ალტერნატივებზე გააკეთეს.

ამჟამად „მანჩესტერ იუნაიტედის“ შემადგენლობაში ერთადერთი გამოკვეთილი ცენტრალური თავდამსხმელი ბენჟამინ შეშკოა. სწორედ ამიტომ, გამორიცხული არ არის, „წითელმა ეშმაკებმა“ ოსიმენის ტრანსფერს მომავალში კვლავ მიუბრუნდნენ.

ამასთან, ნიგერიელი ფორვარდით შესაძლოა სხვა ინგლისური გრანდებიც ხელახლა დაინტერესდნენ. მათ შორის გამორჩეულია მოქმედი ჩემპიონი „არსენალი“, რომელსაც მომდევნო სატრანსფერო ფანჯრისას თავდასხმის ხაზის გაძლიერება დასჭირდება. სხვადასხვა ჩემპიონატში პროდუქტიული და სტაბილური თამაშით ოსიმენმა უკვე დაამტკიცა, რომ ელიტურ ფეხბურთში ნებისმიერი გამოწვევისთვის მზადაა.

სხვა სტატიები