Belive

სანიოლი: "არ იყო აჩქარების საჭიროება და ამით გაკვირვებული ვარ"

1 დღის წინ ფეხბურთი
2 წთ

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ისრაელს უმასპინძლა. ამხანაგური მატჩი ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა.

საქართველოს მხრიდან დუბლის ავტორი ნაკრების ახალი კაპიტანი, ხვიჩა კვარაცხელია გახდა, რომელმაც მეტოქის კარი ორივე შემთხვევაში ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე აიღო. შესანიშნავ ფორმაში მყოფ კვარაცხელიას გოლებს ისრაელმა 3-წუთიან მონაკვეთში ორი ბურთით უპასუხა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა კომენტარი გააკეთა.

პირველი საათის განმავლობაში, არაერთი კარგი მხარე დავინახეთ. გუნდი ინტენსიურად თამაშობდა და ფეხბურთელებმა მონდომება აჩვენეს. თუმცა იყო ნეგატიური მხარეც - მნიშვნელოვან მომენტებში ერთგვარი სიმწიფის პრობლემა დაგვაკლდა, ასევე, დაღლილობამ იჩინა თავი. ამას აქვს ამხსნელი მიზეზები: არაერთ ფეხბურთელს ჰქონდა დებიუტი, ფეხბურთელების ნაწილს კი სათამაშო პრაქტიკა აკლია.

პირველი საათის შემდეგ, ფეხბურთელებს მეტი სიმწიფის გამოჩენა მართებდათ, არ იყო აჩქარების საჭიროება და ამით გაკვირვებული ვარ.

ცხადია, საბოლოო შედეგი არასასიამოვნოა, თუმცა გავითვალისწინოთ, რომ ეს არის ამხანაგური მატჩი, სადაც მატჩის საბოლოო შედეგზე მეტად, სხვა დეტალები ფასობს", - აღნიშნა სანიოლმა.

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მოკლე კომენტარი გააკეთა ოთარ კიტეიშვილის შესახებაც. მისი თქმით, ოთარს კუნთის პრობლემა ჰქონდა, რის გამოც მისი შეცვლა გადაწყვიტა.

საქართველოს ნაკრები ხვალ ლიეტუვაში გაემგზავრება. გასვლით შეხვედრას ჩვენი ნაკრები 29 მარტს გამართავს.

სხვა სტატიები